სამხრეთ კორეაში ავიაგამანადგურებლები ერთმანეთს მაშინ შეეჯახნენ, როდესაც პილოტები ფოტოებს იღებდნენ
სამხრეთ კორეაში ორი გამანადგურებელი ერთმანეთს ჰაერში მაშინ შეეჯახა, როდესაც პილოტები ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდნენ. ინციდენტი 2021 წელს მოხდა.
BBC-ის ცნობით, შეჯახების დეტალები ახლახან გახდა ცნობილი.
სეულის აუდიტის ოფისის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გამანადგურებლები დეგუს ცენტრში მისიას ასრულებდნენ.
პილოტები დაზიანებების გარეშე გადარჩნენ, თუმცა შეჯახების შედეგად თვითმფრინავები დაზიანდა, რის გამოც სამხედროებს შეკეთება 596 000 დოლარი დაუჯდათ.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც პილოტს სამხედრო ნაწილში ბოლო ფრენის აღსანიშნავად ფოტოების გადაღება სურდა.
ანგარიშის თანახმად, ბაზაზე დაბრუნებისას, ფრთის პილოტმა ფოტოების გადაღება დაიწყო და წამყვანი თვითმფრინავის ეკიპაჟმაც გადაწყვიტა გადაღება. უკეთესი კუთხის მისაღებად, ფრთის პილოტმა ასვლისა და გადაბრუნების მანევრი შეასრულა, რითაც თვითმფრინავი სახიფათოდ ახლოს მიიყვანა. წამყვანი პილოტის მცდელობა, მკვეთრად დაშვებით თავიდან აეცილებინა შეჯახება, წარუმატებელი აღმოჩნდა და გამანადგურებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ერთი თვითმფრინავის ფრთა და მეორის კუდი დაზიანდა.
ინციდენტის შემდეგ, პილოტი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მოგვიანებით სამხედრო სამსახური კომერციულ ავიაციაში კარიერის გასაგრძელებლად დატოვა.
საჰაერო ძალებმა მისგან დაახლოებით 500 000 აშშ დოლარის კომპენსაციის მიღევა სცადა, თუმცა მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა. გამოძიებამ დაადგინა, რომ საჰაერო ძალების სარდლობა ნაწილობრივ იყო პასუხისმგებელი ფრენის დროს პირადი მოწყობილობების გამოყენების მარეგულირებელი მკაფიო რეგულაციების არარსებობის გამო.
საბოლოო ჯამში, პილოტს ზიანის მხოლოდ ნაწილის გადახდა დაევალა.