ე.წ. სამხრეთ ოსეთის “სასამართლომ” „საქართველოს სპეცსამსახურების მითითებით მოქმედი ექსტრემისტები“ დაუსწრებლად გაასამართლა
ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სამი ე.წ. მოქალაქის – გეორგი გოგიჩაევის, ალან ქარკუსოვისა და იანიკ კარკუსოვის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა. ისინი ძებნაში არიან გამოცხადებული.
გეორგი გოგიჩაევს და ალან კურკუსოვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, იანიკ კარკუსოვს კი 22 წლით.
ე.წ. სასამართლოში ამბობენ, რომ „მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში და ექსტრემისტული ხასიათის სხვა დანაშაულებში, კერძოდ, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის, პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთქმულებით“.
აღინიშნება, რომ მსჯავრდებულები “ქართული სპეცსამსახურების დავალებით” ფულის მიღების სანაცვლოდ მოქმედებდნენ.
საქმე ეხება 2006 წლის აპრილის მოვლენებს.