„თამარ სანიკიძე პრემიერს ატყუებს“ – „პროფესიული განათლების პროფკავშირის“ თავმჯდომარის პრეტენზიები

„პროფესიული განათლების პროფკავშირის“ თავმჯდომარე, „ეროვნული პროფესიული საბჭოს“ წევრი დენის დავითაშვილი განათლების მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა და პრემიერ-მინისტრს თამარ სანიკიძის გადაყენებას ურჩევს. როგორც დავითაშვილი გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მისმა პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა არ იციან, თუ როგორ გათვალონ სამინისტროს ბიუჯეტი. მისი თქმით, განათლების სამინისტროს ეროვნულმა ცენტრმა სტანდარტების შემუშავების მიზნით 686 000 ლარი დახარჯა, რეალურად კი ამ მიზნით არ უმუშავია.
„ბიუჯეტის შედგენისას უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ ისეთი დარგი, როგორიც პროფესიული განათლებაა, ქვეყნისთვის ძალიან საჭიროა და ამ საკითხს ფაქიზად უნდა მიდგომოდნენ, ანუ იმ 750 მილიონ ლარში ჩათეულიყვნენ, რაც ფინანსთა სამინისტრომ რეაბილიტაციისთვის 2014 წელს გამოყო. ისიც ცნობილია, რომ განათლების სამინისტროს ეროვნულმა ცენტრმა შარშან, სტანდარტების შესამუშავებლად, 686 000 ლარი გაანიავა, თუმცა ერთ სტანდარტზეც არ უმუშავია. ახლა კი, ახალი პროგრამა უნდა შეიმუშაონ და ამაზეც თანხა გამოუყვეს. გამოდის, რომ დაუმტკიცებელი სტანდარტების შემუშავებისთვის ფულს „აპრავებენ“. განათლების სისტემაში სრული ანარქიაა – თამარ სანიკიძე სხვას არ უჯერებს, თავად კი, იმის კომპეტენცია არ ჰყოფნის, რომ სამინისტრო მართოს“, – აცხადებს დენის დავითაშვილი.
მისივე თქმით, განათლების მინისტრმა და მის მიერ დანიშნულმა განათლების ხარისხის ეროვნული მართვის ხელმძღვანელმა ელენე ჯიბლაძემ ეროვნული საბჭო უხეში კანონდარღვევებით დააკომპლექტეს.
„მათ განათლების ე.წ. ექსპერტები დაიქირავეს, რომელთა სახელი და გვარიც აქამდე არავის გაუგია. ამ არაკომპეტენტურმა ადამიანებმა, ერთობლივი ძალისხმევით, ავტორიზაცია იმ კოლეჯებს მიანიჭეს, რომლებშიც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არ არსებობს. ასევე, არაა დამტკიცებული პროფესიული სტანდარტები, რომლითაც პროგრამები უნდა შემუშავებულიყო. ყველაფერ ამის გარეშე კი ავტორიზაცია სრული ბლეფია. აგერ, მეორე წელი გადის და, პროფესიულ განათლებაში 2012 წელს შექმნილი პრობლემები უფრო ღრმავდება და ეჭვგარეშეა, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობა დარგის პრობლემებში ვერ ერკვევა. სანიკიძისა და განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ჯიბლაძის წყალობით, პროფესიული განათლება უფსკრულისკენ მიექანება! სახელმწიფო კოლეჯების განვითარებისა და მათთვის ინფრასტრუქტურული, სასწავლო მასალების, პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით არაფერი კეთდება და ამაში, თუ კოლეჯებს დაათვალიერებთ, თავადაც დარწმუნდებით! დიახ, სარეაბილიტაციო სამუშაოებს 20 მილიონი არ ეყოფა“, – აცხადებს „პროფესიული განათლების პროფკავშირის“ თავმჯდომარე.
დენის დავითაშვილის თქმით, სანიკიძე და მისი მოადგილე ყველაფერს აკეთებენ, რომ სახელმწიფო კოლეჯების ავტორიტეტი დაკნინდეს, რის შემდეგაც სახელმწიფო კოლეჯებისთვის გამოყოფილი თანხებით კერძო კოლეჯებს დააფინასებენ.
„ეს ბიზნესია. თავის დროზე, შაშკინისა და ბენდუქიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წყალობით, 4 საუკეთესო პროფესიული კოლეჯი, საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან არასამეწარმეო არაკომერციულ პირად ჩამოყალიბდა, შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებაც შეუწყდათ. სასწავლებლების დაფინანსებაზე უარი კოლეჯის 50%-იანი წილის მფლობელმა კახა ბენდუქიძემ განაცხადა. ასეთი გაურკვეველი მდგომარეობის გამო, კოლეჯებში სტუდენტების მიღება შეჩერებულია და ამ კოლეჯებს გაუქმება ელით, მაგრამ თამარ სანიკიძე ამაზე არ ფიქრობს. გაუგებარია, თუ რა სამართლებრივი და მორალური უფლება აქვს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, რომ სახელმწიფოს ის არ დაუბრუნოს, რაც თავის დროზე უკანონოდ წაართვა, თან ისე, რომ ერთი თეთრიც არ გადაუხდია? დარწმუნებული ვარ, თუ ამ საქმით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან და გაარკვევენ, რის საუძველზე გაფორმდა ეს ხელშეკრულება, ძალიან ბევრ ადამიანს საქმე ცუდად წაუვა. ამიტომ ჯობია, ამ ადამიანებმა წართმეული ქონება ნებით დააბრუნონ“, – ამბობს დავითაშვილი.
როგორც დავითაშვილი აცხადებს, განათლების სისტემაში ვითარების გამოსასწორებლად ყველაფერს გააკეთებს.
„გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგება, თუმცა აქციების ჩატარებას არ ვგეგმავ. კონტაქტი მაქვს მთავრობის კანცელარიასთან და ყველას გავაგებინებ, თუ როგორ ატყუებენ სანიკიძე და ნატრიაშვილი პრემიერ-მინისტრს. სამართლიანობა არაა აღდგენილი – სანიკიძემ უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგები სამსახურში არ დააბრუნა. ასევე, არ აღჭურვა კოლეჯები შესაბამისი ასიგნებებით. პედაგოგებს დაბალი ანაზღაურება აქვთ. თანხების მითვისება ხდება… 4 კოლეჯი ბენდუქიძის მმართველობაშია და მისი დაბრუნება დღემდე ვერ მოხერხდა. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ძმა ბენდუქიძის უნივერსიტეტში მუშაობს და მთავრობა რადიკალურ ზომებს ამიტომაც არ იღებს“, – აცხადებს დავითაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები