ნიკოლოზ კახეთელიძე: სტიქია, უხვი ნალექი, ეს ის თემებია, რომლებიც ოპოზიციისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის ასპარეზია, არანაირი ზრუნვა ხალხზე მათ არ ამოძრავებთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით. ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, რომ არ ახსოვს ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს საკრებულოში რამე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება დაეყენებინოს. მან ოპოზიციას მოუწოდა რეალობას ნუ მოწყდებიან.

„მინდა ვისაუბრო იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც თბილისში რამდენიმე დღის წინ ჰქონდა ადგილი, უხვ ნალექს და წყალდიდობას ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პრობლემები შეიქნა, ქალაქის მეურნეობა არ გამოსულა მართვიდან, ქალაქის მეურნეობა გამართულად ფუნქციონირებს.

ასევე, მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც სტიქიის შემდეგ აკეთებს განმარტებებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ მე არ მახსოვს რომელიმე მათგანს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადება შემოეტანოს. სტიქია, უხვი ნალექი, ეს ის თემებია, რომლებიც ოპოზიციისთვის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერის ასპარეზია. არანაირი ზრუნვა ხალხზე მათ არ ამოძრავებთ.  არ შეიძლება საკრებულოს წევრი იყო და ვერ არკვევდე, რომ თბილისის აეროპორტი არ არის თბილისის მერიის დაქვემდებარებაში.

რა თქმა უნდა, არავინ ამბობს, რომ თბილისში პრობლემები არ არის, გასაზრდელია კომუნიკაციების ექსპლუატაციის ხარჯები. თბილისის მერიის სამსახურები ამაზე მუშაობენ.

განსაკუთრებით მინდა ვთხოვოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, არ მოწყდნენ რეალობას და არ ისაუბრონ ისეთ საკითხებზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. თუ რაიმე კითხვა უჩნდებათ, დასვან ეს კითხვები და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისგან პასუხს მიიღებენ“- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები