ბავშვობის დიდი ნაწილი „იტალიურ“ ეზოში გაატარა. იქაურმა გარემომ მასზე ძალიან იმოქმედა.
„ახლოს იყო მარჯანიშვილიც, ხშირად გვასეირნებდნენ დედა და მამა ჩემს პატარა დასთან ერთად, სულ ფილმებში მეგონა თავი.
ბავშვობიდან კრეატიულობით გამოვირჩეოდი. უამრავი იდეა იბადებოდა და იბადება ახლაც. ახლობლებს რომ ვუყვები, უკვირთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი“.
თბილისის №18 საჯარო სკოლა დაამთავრა, ხატვას სკოლაში მეოთხე კლასიდან სწავლობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან – ნატა კიკაბიძესთან. ხატვა ყველაზე მეტად მან შემაყვარაო – ამბობს.
ამჟამად ილიას უნივერსიტეტში, გრაფიკულ დიზაინის სპეციალობით სწავლობს და პარალელურად რამდენიმე პროექტზე მუშაობს.
„თბილისის ქუჩებს ვხატავ, მინდა პატარა წიგნი შევკრა ისე, რომ ჩემი ილუსტრაციებით ყველას შეეძლოს თბილისში გასეირნება“. – მხატვრისა და გრაფიკული დიზაინერის, შორენა კალანდარიშვილის პერსონა.
– ბავშვობიდან საინტერესო იდეები გქონდათ…
– დედა სწავლის ყოველ წელს ახალ ფანქრებს და საღებავებს ყიდულობდა ჩემთვის, სულ გროვდებოდა, მათი დალაგება მიყვარდა. ფერადი ფანქრებით თამაში, ერთი დიდი კონტეინერი მქონდა, სადაც მათ ვაწყობდი, ყველა ფერის ფანქარი 4-5 ცალი მქონდა – დიდი ზომიდან პატარამდე. ოთახში იატაკზე დავალაგებდი ყველა ფანქარს და ფერების მიხედვით ვახარისხებდი. მხოლოდ ამ რიტუალის შემდეგ ვიწყებდი ხატვას. არ ვიცი, მიყვარდა თუ არა ხატვა, უბრალოდ, როცა ვხატავდი, შემეძლო საზღვრების გარეშე მეოცნება. მაგ აზრის გამო ყოველ დღე ხატვა დიდ პრაქტიკად იქცა, ურომლისოდაც მომავალში ჩემი თავი ვეღარ წარმომედგინა.
დიდი ბაბუა ხატავდა. ამბობენ, რომ კარგად გამოსდიოდა, სამწუხაროდ, პატარა ვიყავი და არ მახსოვს. 47 წლის დეიდა მყავს, რომელმაც დაამთავრა სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით, ხშირად მის გამო მინდოდა, რომ მეხატა, რადგან შემოქმედებით ხალხს განსხვავებული აურა ჰქონდა.
– ხატვას სკოლაში ნატა კიკაბიძესთან სწავლობდით. რით იყო ის წლები გამორჩეული?
– ნატა კიკაბიძესთან, როგორც ვეძახით – „ნატოსთან“ ბევრი ბავშვი დადიოდა, მაგრამ არავის ნახატი არასოდეს ყოფილა ერთი და იგივე, არავის დაუკარგა თავისი სტილი. მან გვასწავლა ყველა ტექნიკა, რაც მომავალში დამეხმარა. როდესაც ნახატს ვუყურებ ხატვისას, მისი ხმით გონებაში მახსენდება ყველა დეტალი, რასაც ხატვის დროს მეუბნებოდა, რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, როგორ მნიშვნელოვანია შინაარსი ნახატში და დეტალებზე აქცენტი. ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა გაკვეთილზე მინიმუმ ერთ ხერხს ვსწავლობდი ხატვაში, ახლა ვხვდები, რომ მასთან გატარებული დრო ყველაზე ნაყოფიერი იყო ჩემი მომავლისთვის.
– სტუდენტობის პერიოდიც შემოქმედებითად დატვირთული გაქვთ… რამდენიმე პროექტზე მუშაობთ… შთამბეჭდავია თქვენ მიერ დახატული თბილისის ქუჩები – თბილისის დეკორატიული სკეტჩები… როგორ დაიბადა იდეა და რა არის პროექტის მიზანი?
– ბავშვობიდან ალბათ როგორც ბევრ ქართველ მხატვარს თბილისის არქიტექტურა შემიყვარდა, სხვის ნამუშევრებში თბილისი, ვერც დავითვლი, რამდენჯერ მაქვს ნანახი. სულ ვრწმუნდები, რომ ყველას თავისი „თბილისი“ აქვს. სულ მინდოდა, მეც მქონოდა ჩემი… მარჯანიშვილზე ძალიან ხშირად გვასეირნებდნენ მშობლები, ღამის მარჯანიშვილი ჩემი საყვარელი ადგილია, სადაც უკვე სეირნობისგან დაღლილები ყვითელ ავტობუსს, 20 ნომერს, ველოდებოდით სახლში წასასვლელად.
წელს მომინდა, რომ მარჯანიშვილის ესთეტიკა გადმომეცა და ხატვა რომ დავიწყე, გზაში მივხვდი, დეკორატიულ სტილში დაუფიქრებლად წავიყვანე… გუაშით შევავსე, მისი ტექსტურა იდეალურად მოუხდა და ასე შეიქმნა ახლა ჩემი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი.
პროექტის მიზანია შევქმნა წიგნი, რომელიც, აღმაშენებლიდან ძველ თბილისამდე, ჩემი ილუსტრაციებით იქნება შევსებული და ყველა შეძლებს ამ წიგნით „მოგზაურობას“ თბილისის ყველაზე ლამაზ ადგილებში. ასევე შეიძლება უფრო ადრე თბილისის გასაფერადებელი გამოვუშვა, რომელსაც თავიდან ბოლომდე მე გავაკეთებ.
– შთაგონებას ბავშვობის შთაბეჭდილებები გაძლევთ? ზოგადად, შთაგონება როგორ მოდის?
– იდეა ყოველთვის ქვეცნობიერიდან მოდის, ადამიანის შინაგანი გაუაზრებელი განცდები, დავიწყებული მოგონებები – ეს ყველაფერი ერთად იყოფს თავს და ერთიანად მოდის ჩემთან.
– ერთი ნამუშევრის საინტერესო ისტორია.
– „გრძელი დღე ჰქონდა ბაბუას” – თავისუფლების მეტროსთან ბატიბუტის აპარატი იდგა ადრე… ერთხელ შემთხვევით გამახსენდა, რომ ბავშვობაში ეგ კუთხე ჯადოსნურად ლამაზი იყო ჩემთვის, თითქოს მულტფილმის ნაწილი იყო, ასე შემთხვევით წავაწყდი აზრს, რომ თბილისზე რომ მულტფილმი გადაეღოთ, ნამდვილად ჩავსვამდით ბაბუს, რომელიც მთელი დღე ბატიბუტს ყიდის, საღამოთი კი სახლში ბრუნდება ჯადოსნური რეტრო თეთრ-წითელ ზოლებიანი აპარატით. ამ ნამუშევრის შესრულება ყველაზე მეტად სასიამოვნო იყო.
– რომელი უბნების დახატვას აპირებთ კიდევ? რა დეტალებზე ამახვილებთ ყურადღებას? ალბათ უფრო ძველ თბილისზე?
– ძველი თბილისი მოდის. უბრალოდ მინდა, რომ დალაგებულად გამოვუშვა, რომ წიგნშიც ლოგიკურად ჩაჯდეს, ლესელიძე ნამდვილად რიგში პირველი იქნება.
– აპირებთ წიგნის გამოცემას, ასევე მაკეტების შექმნას – თბილისური ეზოებისთვის… ეს იქნება თქვენი თვალით დანახული თბილისი? რა მოგწონთ და რა დაიკარგა დღევანდელ თბილისში?
– დიახ, ეს იქნება ჩემი თბილისი, ის თბილისი, რომელსაც პატარა „მე“ ხედავდა. თბილისი არ დაკარგულა, ის აქ არის, მაგრამ ჩვენ მის „თბილისობას“ ხშირად ვეღარ ვხედავთ, თუმცა რომ ვსეირნობ, არ არსებობს, არ შევაწყდე თბილისურ პატარა ამბებს, ნაჩუქარი შოთის პური მეზობლისთვის, პატარა ბავშვების ეზოს ერთად დალაგება, მეზობლების ნალექიანი ყავის ჭიქებს აივნებზე… თბილისი აქ არის, უბრალოდ ადამიანი უნდა გაჩერდეს, ამოისუნთქოს და გარშემო გაიხედოს, ყველაფერი გამოჩნდება მაშინ…
– ჰობი…
– მაკეტებზე მუშაობა ჰობად გადაიქცა… თავიდან ეს – ფურცლით სახლების გაკეთება თამაში იყო, რომელიც პატარაობაში მოვიფიქრე, ახლა კი თბილისის ისტორიულ არქიტექტურას სახლის ჯადოსნურ დეკორად ვაქცევ, მას ძალიან მალე იხილავთ ჩემს გვერდზე ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.
– სამომავლოდ….
– ვაპირებ მეტი კონტენტის შექმნას ხატვის შესახებ, სოციალურ ქსელში ნამუშევრების შექმნის პროცესების დადება… ასევე შესაძლოა, სხვადასხვა ასაკოვანი ჯგუფის შექმნა, პარკებში (როგორიცაა „მზიური“) აქტიური ხელოვნებით სავსე გაკვეთილები ჩავატარო, სადაც ნებისმიერს ექნება იდეების გადმოცემის საშუალება, დეკორატიული ნამუშევრების დახმარებით.



თამარ შაიშმელაშვილი