“აფხაზეთი ბიზნესცენტრი არ არის” – აფხაზეთში “ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა” იქმნება

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი “ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობა “თავისუფლება” იქმნება, რომლის ინიციატორია აქტივისტი ჯანსუღ ადლეიბა.

როგორც ადლეიბა ამბობს, ე.წ. რესპუბლიკა არის დასაცავი და ცივილიზებული გზით “თანამდებობიდან ასლან ბჟანია უნდა გადააყენონ”, რადგან მან ლეგიტიმურობა დაკარგა.

“აფხაზეთი ბიზნესცენტრი არ არის, ჩვენ არ შეგვიძლია, ვივაჭროთ ჩვენი წმინდა მიწებით” – ამბობს ადლეიბა ტელეგრამში გავრცელებულ ე.წ. პარლამენტისადმი ვიდეომიმართვაში.

“მთავრობის ხელმძღვანელმა საკუთარი ლეგიტიმურობა დაკარგა. მან რიგი კანონი დაარღვია და, რაც მთავარია, მან ქვეყნის მთავარი კანონი – აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია დაარღვია. აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენი სუვერენიტეტით ვაჭრობა არავისთვის არის დაშვებული. ეს ადამიანი ყიდის ჩვენი სისხლით გაჟღენთილ მიწებს, ჩვენს წმინდა ადგილებს. ყველა მისი ქმედება ანტისახალხო და ანტისახელმწიფოებრივია. მან ლეგიტიმურობა დაკარგა”, – ამბობს აქტივისტი.

ჯანსუღ ადლეიბა ე.წ დეპუტატებს მიმართავს, “გთხოვთ, მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ის თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული – მშვიდობიანი, ცივილიზებული გზით. არც ფანჯრების და არც კარების მტვრევით, არც ტურისტების შეშინების გზით. ვაპირებ, ბოლომდე ვიბრძოლო. არც ძალას, არც ცოდნას, არც სიცოცხლეს დავიშურებ საკუთარი მშობლიური მიწის დასაცავად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები