საფრანგეთში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციული თავდასხმები გაძლიერდება
საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც ივნისში ჩატარდება, რუსეთის მხრიდან საინფორმაციო თავდასხმების გაძლიერებაა მოსალოდნელი.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ თქვა.
”ყველას მოვუწოდებ მაქსიმალური სიფხიზლისკენ. ხუთ თვეში ჩვენი კონტინენტი არჩევნებს ჩაატარებს და ჩვენი თითოეული ქვეყანა უცხო ძალების სამიზნე გახდება“, – თქვა სეჟურნემ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
მინისტრის თქმით, საფრანგეთის მთავრობამ რუსული ვებსაიტების ქსელი აღმოაჩინა, რომლებიც დასავლეთში კრემლის პროპაგანდას ავრცელებენ.
საფრანგეთის პირველი დიპლომატის თქმით, ამ საიტების მიზანი იყო „რუსეთის ინტერესების შესაბამისი ყალბი ამბების და შეხედულებების გავრცელება“.
„ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას უკრაინის შესახებ, საზოგადოებრივ აზრს ყოფენ და სიძულვილს აღძრავენ“, – დასძინა სეჟურნემ.
როგორც საფრანგეთის სამთავრობო სააგენტო – Viginum-ი იტყობინება, რომელიც პასუხისმგებელია ონლაინ საფრთხეებისგან დაცვაზე, ქსელი ძირითადად მიმართული იყო ევროპასა და შეერთებულ შტატებზე და 193 საიტისგან შედგებოდა.