“ჩვენს ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ დაუხრია თავი რუსი დიქტატორებისთვის” – ბაიდენი ტრამპზე
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა “უტვინო და სამარცხვინო” უწოდა დონალდ ტრამპის იმ განცხადებას, რომ მას არ სურს, ნატოს ის მოკავშირეები დაიცვას, რომლებიც თავდაცვაზე ნაკლებ თანხას ხარჯავენ.
ბაიდენის განცხადება კონგრესში უკრაინასა და ისრაელის ფინანსურ მხარდაჭერასთან დაკავშირებულ აზრთა სხვაობას მიუძღვნა, თუმცა, ტრამპის გამონათქვამებსაც შეეხო.
ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და ტრამპის მოკავშირეს – მაიკ ჯონსონს მოუწოდა კანონპროექტი კენჭისყრაზე დააყენოს და დასძინა, რომ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ საჭიროა სისწრაფე და მოკავშირეების მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერის ხაზგასმის მნიშვნელობა.
„ჩვენს ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ დაუხრია თავი რუსი დიქტატორებისთვის. ნება მომეცით, სრულიად მკაფიოდ განვაცხადო – მე მათ თავს არასდროს დავუხრი. ღმერთო ჩემო, ეს ხომ უტვინობაა, სამარცხვინოა, ეს საშიშია. ეს არ არის ამერიკული“, – ასე შეაფასა ბაიდენმა ტრამპის გამონათქვამები.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ტრამპი ნატოს განიხილავს, როგორც გამოძალვის ინსტრუმენტს.
„სანამ მე ვარ პრეზიდენტი, თუ პუტინი თავს დაესხმება ნატოს მოკავშირეს, შეერთებული შტატები დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – თქვა ბაიდენმა.
ამ ფრაზამდე, უკრაინის და სხვა მოკავშირეების მხარდაჭერის კანონპროექტზე საუბრისას, ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებს მიმართა: „თქვენ აპირებთ უკრაინის მხარდაჭერას თუ პუტინის მხარდაჭერას? ამერიკის მომხრე ხართ თუ ტრამპის?”.