აფხაზეთი “როსგვარდიასთან” ე.წ. შეთანხმებას აღარ გააფორმებს, რომელიც “საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას” გულისხმობდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ “როსგვარდიასთან” ე.წ. რესპუბლიკაში მართლწესრიგის დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.
მისი ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც შესაბამისი ინფორმაცია სოციალური მედიის მეშვეობით გავრცელდა და ადგილობრივების უდიდესი აღშფოთება გამოიწვია.
როგორც „ნუჟნაია გაზეტა“ წერდა, დოკუმენტის მე-2 მუხლში ნათქვამია: „მხარეები თანამშრომლობენ შემდეგ სფეროებში – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სახელმწიფო კონტროლი იარაღით ვაჭრობის სფეროში, კერძო უსაფრთხოების სფეროსა და დეტექტიური საქმიანობის სფეროში; ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა; დანაშაულთან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა; სპორტული და კულტურული კავშირების განვითარება“.
კიუტის თქმით, დოკუმენტის ხელმოწერა არ მოხდება, რადგან “კონსტიტუცია მსგავსი საკითხების უცხოური სტრუქტურების იურისდიქციაში გადაცემას კრძალავს”.
მისი თქმით, “აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავ ორგანოებს ჰყავთ საკმარისი პერსონალი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან საბრძოლველად, იარაღის ბრუნვის კონტროლისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დასაცავად, კერძო უსაფრთხოებისთვის და სხვა”.