NYT: რუსეთი ფხენიანს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა – ე.წ.სამხრეთ ოსეთში ჩრდილოეთ კორეის საბანკო ანგარიში გაიხსნა
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მილიონობით დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების გათავისუფლების საშუალება მისცა და, სავარაუდოდ, ფხენიანს საერთაშორისო საბანკო ქსელებზე წვდომის მოპოვებაში დაეხმარა.
აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს უკრაინაში ომის საწარმოებლად იარაღი გადასცა.
ამის შესახებ New York Times-ი აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
გასულ თვეში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ხელთ აქვთ მტკიცებულება, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა. აშშ-ის განცხადებით, სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა იარაღის ან სამხედრო ტექნოლოგიის მიღებას ვარაუდობს.
ბრიტანული კვლევითი ცენტრის ანალიზის მიხედვით, ფხენიანმა რუსეთში 2,5 მილიონამდე ვაზნა გაგზავნა.
NYT წერს, რომ გაურკვეველია, მიაწოდა თუ არა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სამხედრო ტექნოლოგია, მაგრამ საბანკო სფეროში ახალი კავშირები, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების კიდევ ერთი მტკიცებულებაა.
დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვმა ფხენიანის გაყინული 30 მილიონი დოლარიდან 9 მილიონის გათავისუფლების შესაძლებლობა მისცა.
სავარაუდოა, რომ ფხენიანი ამ ფულს ნავთობის შესაძენად გამოიყენებს.
რაც შეეხება საბანკო ქსელებთან წვდომის შესაძლებლობას, დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, ეს მოხდა ფხენიანთან დაკავშირებული ახალი კომპანიის მეშვეობით, რომელმაც ახალი ანგარიში ე.წ.სამხრეთ ოსეთში გახსნა.