მამაკაცი 6 წლის ბავშვის ტვინით – ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო სიკვდილით დასჯა ისტორიაში
ჯო არიდი სულ რაღაც 23 წლის იყო, IQ კი 46 ჰქონდა. მას ესმოდა უბრალო სიამოვნებები ჭამის, გართობისა და სათამაშო მატარებლების სამყაროში – ის, რისი დანახვა, სუნი და შეგრძნება შეეძლო, მაგრამ ისეთი რამ, როგორიც ღმერთი, სამართლიანობა ან ბოროტებაა, მისთვის გაუგებარი ცნებები გახლდათ. ექიმებმა მას „იმბეცილი“ უწოდეს, ასე მათ ეძახდნენ, ვინც ოთხიდან ექვს წლამდე ბავშვივით ფიქრობდა.
პოლიციამ მასზე ზეწოლა მოახდინა, ეღიარებინა საშინელი მკვლელობა, რომელიც არ ჩაუდენია. ამის შემდეგ მისი ხანმოკლე ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა.
ჯო არიდი დაიბადა 1915 წელს პუებლოში, კოლორადოში. ის მერი და ჰენრი არიდების უფროსი შვილი იყო. სიცოცხლის პირველი ხუთი წლის განმავლობაში ჯო არ ლაპარაკობდა. ერთი წლის მანძილზე დაწყებით სკოლაში სწავლის შემდეგ მისმა დირექტორმა მშობლებს ურჩია, ბავშვი სახლში დაეტოვებინათ, რადგან ვერ სწავლობდა.
როდესაც ჯო ათი წლის გახდა, შესაბამის სპეციფიკურ სკოლაში გაუშვეს, სადაც ცხოვრობდა თერთმეტი წლის განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ ზრდასრული გახდებოდა.
როგორც მის სამეზობლოში, ასევე სკოლაში, ჯოს თანატოლები ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ და სცემდნენ. 1929 წელს, პუებლოში ყოფნისას, არიდის სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა მოზარდი ბიჭების ჯგუფმა, რამაც დაამძიმა მისი ფსიქიკური პრობლემები. საბოლოოდ, მან დატოვა სკოლა და შეახტა სატვირთო ვაგონებს, რათა დაეტოვებინა ქალაქი.
1936 წლის 15 აგვისტოს ღამით, შინ დაბრუნებულმა დოროთი დრეინის მშობლებმა აღმოაჩინეს მათი 15 წლის ქალიშვილის უსიცოცხლო სხეული, რომელიც საკუთარი სისხლის გუბეში გაუნძრევლად იდო. ის თავის არეში სასიკვდილო დარტყმის შედეგად იყო გარდაცვლილი. ასევე, თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული გოგონას უმცროს დას, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩენილიყო.
სასტიკ თავდასხმას ქალაქში შოკისმომგვრელი ტალღები მოჰყვა, მათ შორის, მედიაში. პოლიცია უზარმაზარ ზეწოლას განიცდიდა და შერიფმა ჯორჯ კეროლმა შვება იგრძნო, როდესაც 21 წლის ჯო არიდიმ, რომელიც ადგილობრივ რკინიგზასთან უაზროდ ხეტიალისას იპოვეს, მკვლელობა აღიარა.
მოწმეთა ჩვენებები მიუთითებდნენ, რომ დანაშაულის ადგილის სიახლოვეს მყოფი ადამიანი მექსიკელი იყო. აღსანიშნავია, რომ ჯო არიდის მშობლები სირიელი ემიგრანტები იყვნენ, რაც მის მუქ ფერს განაპირობებდა.
არიდი ნელა ლაპარაკობდა, ცდილობდა გამკლავებოდა ისეთ დავალებებს, როგორიცაა ფერების ამოცნობა და უჭირდა რამდენიმე სიტყვაზე გრძელი წინადადებების გამეორება. მისით ადვილად მანიპულირებდნენ. მაგალითად, ადრე თანატოლებმა აიძულეს, სიგარეტის არჩადენილი ქურდობა ეღიარებინა, რაც საკმაოდ მარტივად გამოუვიდათ. სასამართლოზე არიდიმ არც კი იცოდა მკვლელობის ძირითადი დეტალები, მაგალითად, მკვლელობის იარაღი – ნაჯახი – სანამ დაკითხვის დროს არ წარუდგინეს.
სიკვდილით დასჯამდე არიდი ციხეში სათამაშო მატარებლებით ერთობოდა.
„მან, ალბათ, არც კი იცოდა, რომ მოკვდებოდა; სიხარულით თამაშობდა სათამაშო მატარებლით, რომელიც მე მას ვაჩუქე“, – იხსენებდა ციხის უფროსი როი ბესტი.
როდესაც უკანასკნელი სადილის შესახებ ჰკითხეს, ჯომ ნაყინი მოითხოვა. სანამ სიკვდილით დასასჯელად გაიყვანდნენ, ნაყინის ჭამა ვერ დაამთავრა და ითხოვა, დარჩენილი ნაყინი მაცივარში შეენახათ, რათა დაბრუნების შემდეგ დაესრულებინა. ჯო მაშინაც ვერაფერს ხვდებოდა.
როდესაც გაზის კამერაში მიიყვანეს, როგორც ამბობენ, ჯომ გაიღიმა. თავიდან ცოტათი ნერვიულობდა, მაგრამ როცა დამლაგებელმა ხელი ჩამოართვა, დამშვიდდა.
ასე დასრულდა იმ ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე, რომელშიც 6 წლამდე ბავშვი ცხოვრობდა.
2011 წელს, გარდაცვალებიდან 72 წლის შემდეგ, არიდიმ მიიღო სრული და უპირობო შეწყალება კოლორადოს გუბერნატორის, ბილ რიტერისგან.