„ურთულესია იმ სიბინძურის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები იქ კადრულობენ, მათ შორის, ჩვენი მხარდამჭერებისა და შტაბის წევრების მისამართით” – თორნიკე ჭეიშვილი
“ბუნებრივია, ჩვენს ხელისუფლებას აქვს მაღალი პასუხისმგებლობა იმასთან მიმართებით, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართოს და არავის მიეცეს იმის საშუალება, რისი მცდელობაც გასული დღეების განმავლობაში ვნახეთ, როდესაც ნაცორკები მიზანმიმართულად ცდილობენ ძალადობრივი პროვოკაციის გზით თავს დაესხან ჩვენს საარჩევნო შტაბს და შექმნან მოცემულობა, თითქოს აქ არის დაძაბული წინასაარჩევნო გარემო”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მთავარი იარაღი სიმშვიდე და მაქსიმალური მოთმინებაა.
„ურთულესია იმ სიბინძურის მოთმენა, რასაც ეს ადამიანები იქ კადრულობენ, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერებისა და შტაბის წევრების მისამართით. მეორე მხრივ, გასაგებია, რაში მდგომარეობას მათი ამოცანა. როდესაც ხედავენ, რომ არანაირი პერსპექტივა არ ესახებათ თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში, პირდაპირ მიდიან იმაზე, რომ სიტუაციის ესკალირებით ეს არჩევნები ან ჩაშალონ, ან შექმნან იმგვარი ფონი, რომ არჩევნებმა არ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათი შავბნელი განზრახვა არ აღსრულდეს“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.