ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი რესტავრატორები ჩავიდნენ
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი რესტავრატორები ჩავიდნენ. მათი მიზანი 21 იანვარს მხატვართა კავშირის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გადარჩენილი ნახატების შენახვის მხარდაჭერაა.
როგორც რუსეთის კულტურის სამინისტროს მუზეუმებისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნატალია ჩეჩელმა თქვა, “ამ დარბაზში შეიკრიბნენ რუსეთის ფედერაციის ზეთით შესრულებული ნახატების აღდგენის საუკეთესო ექსპერტები. ყველა ვარსკვლავია, გამონაკლისის გარეშე”.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტები ატარებენ ინვენტარიზაციას, რათა გაიგონ, რა უნდა გაკეთდეს ნახატებთან დაკავშირებით – სასწრაფოდ საჭიროებენ რესტავრაციას თუ „კონსერვაცია“ ადგილზე. ნახატებს ათვალიერებენ, იღებენ ფოტოებს და ადგენენ, რა სამუშაო უნდა ჩაუტარონ.
ჩეჩელის თქმით, არის ნამუშევრები, რომლებიც სრულ აღდგენას ექვემდებარება.
„ეს სამუშაოები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს, რადგან ნებისმიერი შეფერხება შეუქცევად პროცესებს იწვევს“, – განაცხადა მან.
ჩეჩელის თქმითვე, ზოგიერთი ნახატის დამუშავება ადგილზეა შესაძლებელი, ზოგიერთი კი სანქტ-პეტერბურგში ან მოსკოვში უნდა ჩაიტანონ. რესტავრატორები ოკუპირებულ აფხაზეთში 28 იანვრამდე დარჩებიან, შემდეგ კი პერიოდულად ჩავლენ.