„ჰარირა-ჰარირამა“ – ანსამბლ „დიდგორის“ მეგრულ-აფხაზური სიმღერების ალბომის წარდგენა გაიმართა

ანსამბლმა „დიდგორმა“ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი მეგრულ-აფხაზური სიმღერების ალბომი – „ჰარირა-ჰარირამა“ წარადგინა.
ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარიამ კუჭავა, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, კულტურის ყოფილი მინისტრი, მწერალი გურამ ოდიშარია, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე და ხალხური სიმღერით დაინტერესებული სტუმრები ესწრებოდნენ.
„მეგრულ-აფხაზური სიმღერების ალბომი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „ამღერებული მუზეუმი“ ფარგლებში ჩაიწერა. პროექტი 2023 წლის ივლის-ოქტომბრის განმავლობაში მიმდინარეობდა გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ალბომში წარმოდგენილია მეგრული და აფხაზური სიმღერები, რომლებიც დაკავშირებულია მათი ჟანრების, ფუნქციისა და ჟღერადობის მიხედვით.
ანსამბლი „დიდგორი“ წელს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ სიმღერებს დიდგორელები ანსამბლის დაარსების დღიდან მღერიან და თანაბარი სიყვარულითა და სიამაყით წარადგენენ მსმენელის წინაშე საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ.
„ჰარირა-ჰარირამა“ ჩაიწერა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხმის ჩამწერ სტუდიაში, ხოლო გამოსაცემად მომზადდა ფონდის „ქართული გალობა“ მხარდაჭერით.
პროექტი „ამღერებული მუზეუმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე წლის 9 ივლისიდან მიმდინარეობდა. რამდენიმე თვის მანძილზე რვა ფოლკლორული კონცერტი (ანსამბლ „დიდგორის“ 5 სოლო კონცერტი და 3 ერთობლივი კონცერტი სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლთან: „ლალხორი“, „მარგალიტი“, „ფერხისა“) და ხალხური სიმღერის ოთხი სამუშაო შეხვედრა ანშლაგით ჩატარდა. ანსამბლ „დიდგორის“ გარდა, ღონისძიებებში სხვა ანსამბლები და ლოტბარებიც (ლიკა ლიპარტელიანი, ბექა და გოჩა ბიძინაშვილები) მონაწილეობდნენ როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან.
პროექტის მიმდინარეობისას, რამდენიმე თვის განმავლობაში, ეთნოგრაფიული მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი, დასწრებოდნენ ხალხური სიმღერის გაკვეთილებს და ემღერათ პროფესიონალებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ანსამბლ „დიდგორის“ ინიციატივამ საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა და მუზეუმში დამატებით მოიზიდა როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მსმენელი“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები