ე.წ.სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ჩასატარებლად მზადება დაიწყო
ე.წ.სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება, – განაცხადა ე.წ. რესპუბლიკაში ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მიერ ჩატარებულ გაფართოებულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, ხმის მიცემა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
“არჩევნების ჩატარების გამოცდილება გვაქვს, ქალაქსა და რესპუბლიკის რეგიონებში 11 საარჩევნო უბანი განთავსდება. შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია“, – თქვა მან.
წინასწარი ინფორმაციით, ცხინვალში საარჩევნო უბნები გაიხსნება რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე, 1, 5 და 6 სკოლების, პროფკავშირების და მულტიდისციპლინარული კოლეჯის შენობებში.
„რუსეთის მოქალაქეებს ასევე შეეძლებათ ხმის მიცემა ლენინგორის, ზნაურის, ძაუზის რაიონებში, ქალაქ კვაისასა და სოფელ დმენისში“, – განაცხადა კულახმეტოვმა.
„ამჟამინდელი არჩევნების გამორჩეული თვისება ის იქნება, რომ ისინი რამდენიმე დღეში გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები 15 – 17 მარტს ჩატარდება. არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 მაისს არის დაგეგმილი. ქვეყნის პრეზიდენტი ექვსი წლის ვადით, 2030 წლამდე აირჩევა.