გერმანიაში მემანქანეების 3-დღიანი გაფიცვა დაიწყო
გერმანიაში სატვირთო ტრანსპორტის მძღოლების პროტესტს მატარებლების მემანქანეების 3-დღიანი გაფიცვა დაემატა, რომელიც12 იანვრის, საღამოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მანამდე, Deutsche Bahn-ის დროებითი გადაუდებელი გრაფიკი იმოქმედებს, რომელშიც საქალაქთაშორისო რეისების, დაახლოებით, 80% გაუქმებული.
სარკინიგზო გაფიცვას ემატება ისიც, რომ მის პარალელურად ქვეყნაში, ასევე, ფერმერთა პროტესტი მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა, გერმანიის ავტობანებზე საცობი გამოიწვიოს. გაფიცულმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ 8 იანვრიდან გამართავენ აქციებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით და გზატკეცილების შესასვლელების გადაკეტვით.
ფერმერების პროტესტი გამოიწვია ფედერალური მთავრობის გადაწყვეტილებამ, მოხსნას დიზელის სუბსიდიები და შეწყვიტოს სატრანსპორტო საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობასა და სატყეო მეურნეობაში გამოყენებული მანქანებისთვის. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის ნოემბერში 60 მილიარდი ევროს სასესხო სახსრების გამოყენება არამიზნობრივად გამოაცხადა, რის გამოც დეკემბერში ქვეყნის მთავრობას 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება მოუწია.
რაც შეეხება სარკინიგზო გაფიცვას, ის დაკავშირებულია სახელფასო დავასთან, რომელიც პროფკავშირებსა (GDL) და Deutsche Bahn- ს შორის არსებობს.
9 იანვრის საღამოს Deutsche Bahn-მა GDL-ს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
მხარეებს მოლაპარაკებებისკენ, ასევე, გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა – ვოლკერ უისინგმა მოუწოდა.
”უნდა გამოინახოს გზა, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. ეს დიალოგს მოითხოვს”, – თქვა მან.
თავის მხრივ, GDL-ის ლიდერმა, კლაუს ვესელსკიმ თქვა, რომ რკინიგზამ უნდა წარმოადგინოს გაუმჯობესებული წინადადება, ”გაფიცვის შემცირების საკითხი არ განიხილება”.
მემანქანეებმა გაფიცვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყეს – მას შემდეგ, რაც DB- თან სატარიფო მოლაპარაკებები ჩავარდა.
პროფკავშირი სამუშაო საათების კვირაში 38-დან 35 საათამდე შემცირებას ითხოვს, ასევე, მოითხოვს ხელფასების გაზრდას თვეში 555 ევროთი და მემანქანეებისთვის ინფლაციის გამო, 3000 ევრომდე ერთჯერადი კომპენსაციის გადახდას.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოთხოვნები შეუსრულებელია და მზად არიან მხოლოდ სამუშაო საათების საკითხზე მოლაპარაკებისთვის.