2026 წლის აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6.47 მლრდ ლარი შეადგინა. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
„საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 წლის პირველ კვარტალში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 499.65 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის აპრილის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 მაისს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში ინვესტიციების განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან 558.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
2026 წლის აპრილის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 16.4%-ს (1058.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 8 ივნისს გამოაქვეყნებს”, – აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.