ეკვადორის ტელევიზიაში ნიღბიანების შეჭრა მსოფლიოში ასობით ჟურნალისტმა გააპროტესტა
ეკვადორში, ტელეკომპანია TC-ის სტუდიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირების შეჭრას მსოფლიოს 300-ზე მეტი ჟურნალისტი აპროტესტებს და ქვეყნის ხელისუფლებისგან მედიისა და მათი თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.
ამის შესახებ გაზეთი Universo წერს.
“ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება, თუ როგორ აქცევს ორგანიზებული დანაშაული მედიას მის ერთ-ერთ სამიზნედ. 2023 წელი ეკვადორმა ლათინური ამერიკის, როგორც ყველაზე ძალადობრივმა ქვეყანამ დაასრულა. მოკვლის საფრთხე 275%-ით გაიზარდა და გახშირდა ჟურნალისტებზე შეიარაღებული თავდასხმები“, – ნათქვამია ტექსტში.
ეკვადორი, პერუ, კოლუმბია, მექსიკა, ესპანეთი, არგენტინა, ვენესუელა, სალვადორი, ბრაზილია, აშშ, ბოლივია, ნიკარაგუა, პარაგვაი, გვატემალა, ჩილე, კოსტა რიკა, პანამა, ჰონდურასი, დომინიკის რესპუბლიკა – ეს არის იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ჟურნალისტებმა მიმართვას მოაწერეს ხელი.
მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „რაც მოხდა ტელეარხ TC-ის სტუდიაში, ყველაზე მტკივნეული ასახვაა იმის, რასაც ამჟამად ეკვადორის პრესა კრიმინალური ძალადობის გაზრდის შედეგად განიცდის”.
მათ ასევე გააკრიტიკეს ეკვადორის მთავრობა, რომ ის ჟურნალისტებს არ იცავს.
„ეს სიტუაცია სასწრაფო ზომების მიღებას საჭიროებს“, – აღნიშნეს ჟურნალისტებმა.