ეკვადორში ტელევიზიაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ
ეკვადორში, საპორტო ქალაქ გუაიაკილში ტელეარხ TC-ის სტუდიაში პირდაპირი ეთერის დროს ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.
მათ არხის თანამშრომლებს იატაკზე დაწოლა აიძულეს, ამ დროს კადრს უკან სროლის და ყვირილის ხმა ისმოდა.
მაუწყებლობა მალევე შეწყდა.
მოგვიანებით, შეიარაღებულმა პირებმა ტელეკომპანიის შენობა დატოვეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი პოლიციამ გამოაცხადა, რომ ყველა მათგანი დაკავებულია და გამოაქვეყნეს იატაკზე მწოლიარე, ხელებშეკრული ადამიანების ფოტოები.
ეკვადორის პოლიციის უფროსმა, სეზარ საპატამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულია 13 ადამიანი და ამოღებულია რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ყუმბარა და ნაღმი.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი თავს კარგად გრძნობს.