„გამარჯობა, რუსეთო!“ – გალსა და სოხუმში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრები გაიხსნა

“როსოტრუდნიჩესტვოს” წარმომადგენლობამ ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალსა და სოხუმში რუსული ენის შემსწავლელი საგანმანათლებლო ცენტრები გახსნა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ახალი ავეჯით, სასწავლო ლიტერატურითა და მასალებით. ცენტრებში ფორტეპიანოც არის. გაკვეთილებზე დასწრება შეეძლებათ როგორც ბავშვებს, ისე – მოზრდილებს.

ცენტრის გახსნაზე ოკუპირებულ აფხაზეთში “რუსული სახლის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა დიმიტრი ფედოტოვმა თქვა, რომ „იმედი მაქვს, რომ მომავალში თქვენ გახდებით პროგრამის „გამარჯობა, რუსეთო!“ ნაწილი, შეძლებთ ეწვიოთ რუსეთს და სამომავლოდ, ამის შესახებ მოჰყვეთ აქ, აფხაზეთში”.

“როსსოტრუდნიჩესტვომ” რუსული ენის შესწავლის ცენტრების გახსნა ნოემბერში დაიწყო. მათგან პირველი ყირგიზეთის ქალაქ კანტში გაიხსნა.

წლის ბოლომდე “იგეგმება 16 ქვეყანაში 31 ასეთი ცენტრის გახსნა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები