გია ცაგარეიშვილი: ყველა დიპლომატიურ არხს ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ
მმართველი გუნდის წევრი გია ცაგარეიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიაზე არსებული აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკების გადაცემასთან დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს ზეწოლა და ამ ზეწოლამ როგორც ჩანს, საბოლოოდ შედეგი გამოიღო. მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის და აფხაზური საზოგადოების დიდი წინააღმდეგობისა, პარლამენტმა მოახდინა ამ შეთანხმების რატიფიცირება და სასწრაფო წესით ე.წ. პრეზიდენტმაც ხელი მოაწერა. ეს არის სავალალო შედეგი რუსეთის კარზე აფხაზეთის ელიტების მსახურებისა და ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურება ეს ყველაფერი. როგორც ჩანს ე.წ. პოლიტიკოსებმა აფხაზეთში, იქაურმა სეპარატისტებმა, მესვეურებმა, რომლებიც ახლა აკონტროლებენ აფხაზეთს, გადაწყვიტეს, რომ არა მხოლოდ თვითონ, არამედ ჩვენი ადგილობრივი მოქალაქეები, რუსი გენერალიტეტის კარზე მსახურ ადამიანებად გადააქციონ და ამ გეგმას, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვებიან. ერთია, რომ ასე სურს რუსეთის ფედერაციას, დაპყრობილ ანექსირებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მეორეა, რომ ასე არაფრად აგდებს ე.წ. ხელისუფლება თავისი ხალხის ხმას და ესეც წირავს მომსახურედ რუსი სალდაფონების კარზე აფხაზებს და არა მხოლოდ აფხაზებს, იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ის რეაქციები, რასაც ვისმენთ დღის განმავლობაში და ის მომავალშიც გაგრძელდება, ბუნებრივია, ვგულისხმობ ცენტრალური ხელისუფლების რეაქციებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება შესაბამისი წესით დაგმობილი, ყველა ჩვენი პარტნიორი გაიგებს ამის თაობაზე, ყველა დიპლომატიურ არხს ავამოქმედებთ და გამოვიყენებთ. არა მხოლოდ ბიჭვინთასთან დაკავშირებით, არამედ ოჩამჩირის გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან რა ხდება დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რა ნაბიჯებს დგამს რუსეთის ფედერაცია შემდგომი დაკაბალების მიმართულებით იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეებისა“,- აღნიშნა ცაგარეიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.