“აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს” – გია ვოლსკი

“აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია, ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა. არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება უფრო რადიკალური განცხადებები, თითქოს, ამ განცხადებებით შეიძლება, ვითარება რადიკალურად შეიცვალოს.

განცხადება გაკეთდა ყოველთვის, როცა ეს საჭირო იყო, მიღებულია შესაბამისი რეზოლუციები და დოკუმენტურად დადასტურებულია ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს. ოპოზიციას სურს, რომ ვითარების გართულება სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვითარების შექმნაში დანაშაული მათ მიუძღვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები