ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენპროკურორი მოსახლეობას მოუწოდებს, 27 დეკემბრის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორი, ადგურ აგრბა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ოპოზიციის არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობისგან, რომელიც 27 დეკემბერს არის დაანონსებული.
მისი ინფორმაციით, მახაჯირების სანაპიროზე ე.წ.სამთავრობო შენობების კომპლექსის გარშემო 24-საათიანი ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობს.
„მოსახლეობისთვის უსაფრთხოების საფრთხის ან რესპუბლიკაში სოციალური სიტუაციის დესტაბილიზაციის შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოები, თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად, ვალდებულნი არიან, გამოიყენონ ზომების მთელი რიგი, რომელიც მიმართულია ზიანის თავიდან აცილებისკენ, მათ შორის, მასობრივი არეულობის ორგანიზატორებისა და მონაწილეების კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემისკენ”, – თქვა მან.
27 დეკემბერს ე.წ.პარლამენტის სხდომაა ჩანიშნული, რომლის დღის წესრიგშია, მათ შორის, რუსეთის საკუთრებაში ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების დამტკიცებაა.
ამ წუთებში ე.წ. პარლამენტთან საზოგადოების, ინტელიგენციის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების შეკრებილი, რომლებიც აცხადებენ, რომ უვადო აქციას იწყებენ, ასევე, მოუწოდებენ მოსახლეობას პროტესტში მონაწილეობის მიღებისკენ.