„საკანცელარიო მაღაზია თეირანში“ – მარჯან ქამალის ახალი თარგმანის წარდგენა გაიმართება
24 დეკემბერს, 15:00 საათზე, წიგნის საახალწლო ფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება მარჯან ქამალის ახალი თარგმანის „საკანცელარიო მაღაზია თეირანში“ წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი ირანელ-ამერიკელი ავტორის, მარჯან ქამალის, მეორე რომანია, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა და უკვე ოც ენაზე ითარგმნა.
„ესაა დიდი სიყვარულის ამბავი, რომელიც ირანის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის, 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე ვითარდება. ჩვიდმეტი წლის მეოცნებე, იდეალების მაძიებელი გოგონა როია სულიერ ნავსაყუდელს ბატონი ფახრის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიაში პოულობს, სადაც თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს, ბაჰმანს, შეხვდება.
წიგნში ცხოვრების ირონიულობაზე, აუხდენელი ოცნებებისა და ტრაგიკული მოვლენების შესახებ გვესაუბრება ავტორი. წიგნში ყველაფერი ცხოვრებისეულია – სიხარულიც, ტკივილის, სიყვარულიცა და იმედგაცრუებაც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
წიგნის მთარგმნელია – თეონა ბითაძე;
გამომცემლობის წარმომადგენელი – ნინაკო ღლონტი.