ეროვნულ გალერეაში ბექა საყვარელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ბექა საყვარელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე „ვიღაცა ურევს“ წარმოდგენილია მხატვრის მიერ ბოლო წლებში სხვადასხვა ტექნიკითა და მასალით შესრულებული ნამუშევრები.
დამთვალიერებელი პირველად იხილავს ტილოებს, რომლებიც ამ დრომდე მხოლოდ კერძო კოლექციონერებისთვის იყო ცნობილი და ნამუშევრებს, რომლებიც კონკრეტულად ამ გამოფენისთვის შეიქმნა. უახლოეს მომავალში ბექა საყვარელიძე ახალ გამოფენაზე სამუშაოდ ბელგიაში გაემგზავრება. გამოფენას აპრილში ბელგიასა და ბენელუქსის ქვეყნებში მოქმედი ერთადერთი ქართული გალერეა „ერისთავი“ წარმოადგენს.
გამოფენის გახსნას მხატვრის სტუდენტები, მეგობრები და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბექა საყვარელიძე აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრატურის დამთავრებიდან (2010-2016) დღემდე ამავე აკადემიის მოწვეული პედაგოგია. მხატვარი 2019 წლიდან ქალაქ დრეზდენის საერთაშორისო პლენერულ გამოფენას – „კულტურა. სინქრონი“ მარიამ შაქარაშვილთან ერთად ხელმძღვანელობს, რომელიც ბექა საყვარელიძის პედაგოგმა, გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა – ალექსანდრე (ალეკო) ადამიამ – დააფუძნა.
მხატვარი მუდმივად მონაწილეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ საერთაშორისო გამოფენებსა და აუქციონებზე. სულ ახლახან მისი ორი ფერწერული ტილო, რომლებიც გამოიფინება ეროვნულ გალერეაში, გაიყიდა ჰესინკის თანამედროვე ხელოვნების აუქციონზე (Hessink’s Market for Contemporary Art). მისი ნამუშევრები საქართველოს, ევროპისა და ამერიკის კერძო და საჯარო კოლექციებში ინახება.
გამოფენა 2024 წლის 29 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები