გიორგი ამილახვარი: სტიპენდია გავაორმაგეთ, იყო 150 ლარი და გავხადეთ 300 ლარი – 30 ათას სტუდენტს გაუნულდა ვალი და უკვე 5 ათასმა სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით
სტიპენდია გავაორმაგეთ, იყო 150 ლარი და გავხადეთ 300 ლარი, იღებდა 2500-მდე სტუდენტი და ახლა მიიღებს 5 000 სტუდენტი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, 30 ათას სტუდენტს გაუნულდა ვალი.
„იცით, რომ 30 ათას სტუდენტს გაუნულდა ვალი. უკვე 5 ათასმა სტუდენტმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და აღიდგინა სტუდენტის სტატუსი. დანარჩენებს შემდგომ სემესტრებსა და წლებში ნებისმიერ დროს, სურვილისამებრ შეუძლიათ. იანვრიდან ჩვენს სამინისტროს ემატება კიდევ ერთი მიმართულება, ესაა ახალგაზრდობის მიმართულება. ასე ვთქვათ , ახალგაზრდობის სააგენტო გადმოდის ჩვენთან და ვგეგმავთ მსგავსი ტიპის მხარდამჭერი სერვისებისა და მექანიზმების ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის. მათ მინდა დავპირდე, უახლოეს თვეებში ბევრი მსგავსი, საინტერესო სიახლე ელით, რომ მათი სტუდენტური ცხოვრება იყოს გაცილებით უფრო საინტერესო და აკადემიურად დატვირთული, ვიდრე დღესაა“, – აღნიშნა ამილახვარმა.