“ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა” – ვლადიმერ პაპავა

ინფლაციის მოთოკვამ სებ-ს საშუალება მისცა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5%-ით შეემცირებინა, ზოგს შეიძლება, მოეჩვენოს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება ნელა და სწორი მიმართულებით ფრთხილად მოქმედება სჯობს, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ განაცხადა.

პაპავას განმარტებით, მონეტარული პოლიტიკა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, განსაკუთრებით – ისეთი მცირე ზომის ეკონომიკის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და რომელიც იმპორტზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

„იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ყველაზე მეტად განიცდის საგარეო შოკებს. ამ დროისთვის, მსოფლიოში საკმაოდ სტაბილური ვითარებაა, რადგან წამყვან ქვეყნებში ინფლაცია მოითოკა და საქონლის იმპორტთან ერთად ინფლაციის იმპორტი აღარ ხდება. ამან საშუალება მისცა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით შეემცირებინა.

შეიძლება, ზოგს მოეჩვენოს, რომ მცირეა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ვითარება სწრაფად იცვლება სჯობს იმოქმედო ფრთხილად, ნელა და სწორი მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში ამ ეტაპზე ინფლაცია მოთოკილია, ეს აისახა ქვეყნის შიგნითაც. იმიტომ, რომ თუ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის იმპორტი არ ხდება ადგილობრივი წარმოება, როგორც წესი არ განიცდის ინფლაციურ ზეწოლას და ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ფასები ისე სწრაფად აღარ იზრდება, ვიდრე მაშინ როცა მაღალი ინფლაციაა.

ანუ ეს გამოიხატება უკვე ორ რამეში, ერთი რომ სავარაუდო, საპროგნოზო მაჩვენებელი ინფლაციისა მიზნობრივთან ახლოსაა და ეს ვითარება საკმაოდ კარგია და იმავდროულად, ადგილობრივ წარმოებაშიც ინფლაციური პროცესები არის ზომიერი“, – აცხადებს ლადო პაპავა. აკადემიკოსი ამბობს, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე მომავლის პროგნოზირება გართულებულია. „როგორი იქნება მომავალი ამის განჭვრეტა რთულია, იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარეობს საკმაოდ რთული პროცესები, დაპირისპირებაა დასავლეთსა და რუსეთს შორის. მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინაში.

აქ საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციები. ამ ვითარებაში პროგნოზების გაკეთება, თუ როგორ წარიმართება სიტუაცია საკმაოდ რთულია. ამასთან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ზომიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სებ-ის ხელმძღვანელობამ ჩემი აზრით, აბსოლუტურად გამართლებულია.

შემდეგი კომიტეტის სხდომა დაგეგმილია 2024 წლის იანვრის ბოლოს და თუ გლობალურად სიტუაცია შეიცვალა, რა თქმა უნდა, ეს აისახება კომიტეტის მორიგ გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნა ლადო პაპავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები