„ზღვის კარიბჭე“ –  „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის – კონტაქტის“ სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

28 დეკემბერს, 19:00 საათზე,  „ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრი – კონტაქტი“ წარმოადგენს სპექტაკლის პრემიერას სახელწოდებით – „ზღვის კარიბჭე“, რომელიც გაიმართება სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე.
სპექტაკლი ფილოსოფიური დრამაა, რომლის მთავარი იდეაა, ადამიანის მუდმივი ჭიდილი და პასუხის ძიება მთავარ კითხვაზე – თუ რისთვის ვართ ამ წუთისოფელში? სად ვეძებოთ კარი, რომლის მიღმა შესაძლოა, სწორედ ის მდგომარეობაა, რასაც ეძებს სული – გათავისუფლების იდეა. შესაძლოა, ეს კარიბჭე მდებარეობს საზღვარზე, სიზმარსა და თავისუფალ სამყაროს შორის.  რომ გასცდე სიზმარს, უნდა „განთავისუფლდე”!
ირა კოხრეიძე, სპექტაკლის დრამატურგი:
– სპექტაკლის იდეა გაჩნდა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს და ასევე იმ კვლევების საფუძველზე, რომელსაც ვაწარმოებდი ფილოსოფიის და ანთროპოსოფიის მიმართულებით, გაჩნდა დიდი სურვილი, აქტიურად გამოგვეყენებინა პანტომიმური დრამა, რომელიც მიჩნეულია თეატრის განვითარების საწყისად. გამომეხატა ჩემეული ხედვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკაცობრიო კითხვაზე: „თუ რისთვის ვართ მოვლენილი ამ სამყაროში”. მთავარი გმირი ზღვის ვეშაპია, წყალი კი, რომელშიც ის ბინადრობს – ადამიანის ქვეცნობიერი სამყარო. სპექტაკლში  გამოყენებულია ასევე  სპარსი პოეტის, ფილოსოფოსისა და მისტიკოსის, ჯალალედინ რუმის ულამაზესი პოეზია, რომელმაც ასევე დიდი გავლენა მოახდინა სცენარის შექმნის პროცესზე.
– ალბათ დიდხანს მუშაობდით სპექტაკლზე?
– მუშაობის პროცესი არ იყო ხანგრძლივი. ჩვენს შემოქმედებით ჯგუფს უკვე მეორე სეზონიდან შემოუერთდა პროფესიონალი ხელოვანების ახალი ნაკადი და ეს ერთობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მუშაობის პროცესს როგორც ჩემთვის, ასევე სხვა დასის წევრებისთვის.

სპექტაკლის დრამატურგია რეჟისორი ირა კოხრეიძე;
სცენოგრაფი /დადგმის ხელმძღვანელი – გიორგი მიქაბერიძე;
ძირითადი მუსიკის ავტორი – My Equinox Divine; საავტორო მუსიკალური კომპოზიცია (ბანსური,დაფი) – გიორგი სირაძე;
გამოყენებული კომპოზიცია – Mikalojus Konstantinas Čiurlionis – Jūra (The Sea);
ვიდეო გრაფიკა – არჩილ ბედიაშვილი.

მონაწილეობენ: მაშიკო თვალაბეიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, ტატო სიხარულიძე, გიორგი გვასალია,
თათია გვასალია, ვასო კიპაროიძე, სესილი ღვინჯილია, ნანო გორდაძე,ნიკა ნიკურაძე,
ლუკა უშვერიძე, ნინი ბიკოვი, სანდრო დარსაველიძე, გიორგი პოლოლიკაშვილი,
მაიკო მინჯია, თაკო უჯმაჯურიძე, დაჩი ზერაკიძე, ანანო ჩიტაძე, მარი ფირცხალავა.

მხარდამჭერები: კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Mac Georgia, Yoga Cave, Noise harmony production.

მისამართი: უზნაძის N 68.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები