ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შსს-ს დელეგაცია იმყოფება
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, რომლის მიზანი “აფხაზი კოლეგებისთვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარების გაწევაა”.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.შსს-ში განაცხადეს.
ვიზიტის ფარგლებში, გადაწყდება “შინაგან საქმეთა ორგანოებს შორის პრაქტიკული ურთიერთქმედების საკითხები; „აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის ხარჯების ეტაპობრივი გაზრდის თანადაფინანსების შესახებ“ შეთანხმების განხორციელების პუნქტები; აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელთა ფულადი დახმარება და სოციალური გარანტიები“.
გარდა ამისა, “მხარეები შეადარებენ მონაცემებს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში”.