მურმან დუმბაძე: მე თავს გარიცხულად არ ვთვლი!

   ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია “ქართული ოცნებიდან” მისი გარიცხვის ფაქტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს “კვირასთან“ აკეთებს.
დუმბაძე აცხადებს, რომ არა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ის მაინც დატოვებდა პარტია “ქართულ ოცნებას“, რადგან პარტიის პოლიტსაბჭომ აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის საკითხს მხარი არ დაუჭირა.
“რამდენიმე დღის წინ მე განვაცხადე, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო და მთავრობის ზოგიერთი წევრი, რომლებიც პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან არ დაუჭერდნენ მხარს აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურას, მე “ქართულ ოცნებას“ დავტოვებდი. როდესაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე მივედი მითხრეს, რომ ჩვენ უნდა დავცილდეთ, რადგან შენ არ დაგიტოვებია პარტიაო. მე ისედაც ვაპირებდი პარტიის დატოვებას რადგან პოლიტსაჭოს წევრებმა აჭარის მთავრობის იმპიჩმენტის საკითხს მხარი არ დაუჭირეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე გარიცხულად არ ვთვლი თავს რადგან ჩემი ნებით ვაპირებდი წასვლას“, – განუცხადა “კვირას“ მურმან დუმბაძემ.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი მურმან დუმბაძე პარტია “ქართული ოცნებიდან” გარიცხეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. აღნიშნულის მიზეზად ღარიბაშვილმა მისი მხრიდან აჭარის მთავრობის საქმიანობაში უხეშად ჩარევა დაასახელა. ღარიბაშვილის თქმით, დუმბაძე გაფრთხილებული იყო, თუმცა, ის აჭარის მთავრობის საქმიანობაში მაინც ერეოდა. გარდა ამისა, აჭარის უმაღლესი საბჭოს სამმა დეპუტატმა – ალექსანდრე ჩიტიშვილმა, მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ საყვედური მიიღეს. საყვედურის მიზეზი პარტიასთან შეუთანხმებლად მათ მიერ აჭარის მთავრეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა.
დღესვე ქართული ოცნების ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომაზე მურმან დუმბაძე აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხს აყენებდა. დუმბაძე აცხადებდა, რომ არსებობს უამრავი სამართლებრივი არგუმენტი, რომლის გამოც აჭარის რეგიონული მთავრობა უნდა გადადგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები