მარიამ ქვრივიშვილი: საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-სთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20-წლიან გეგმაზე ვმუშაობთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
IATA, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ორგანიზაციაა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმას შეიმუშავებს. მას მსგავსი პროექტები აქვს განხორციელებული მსოფლიოს ისეთი წარმატებული ქალაქების აეროპორტებისთვის, როგორიცაა რომი, ათენი, ვარშავა, სტამბოლი და სხვ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მასტერპლანის არსებობა საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომდევნო 20 წლის განმავლობაში თანმიმდევრული პოლიტიკა განახორციელოს და ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ მოთხოვნებს უპასუხოს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, განვითარების გეგმა საქართველოს მთავრობისთვის სამი ძირითადი მიმართულებით იქნება გზამკვლევი. მისი თქმით, პირველია მოლოდინი, რომელიც ქართულ მხარეს აქვს აეროპორტის განვითარების ტემპის გათვალისწინებით – დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ობიექტია. შესაბამისად, მასტერპლანმა უნდა განსაზღვროს მგზავრთნაკადი 20 წლის ვადაში წლების მიხედვით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მზარდი მგზავრთნაკადიდან და რეისებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, როგორ განვითარდეს საეროდრომო და სატერმინალო ინფრასტრუქტურა. კიდევ ერთი ძირითადი მიმართულებაა სამიზნე ბაზრების, ავიაკომპანიების და მიმართულებების დივერსიფიკაცია, რათა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კონტრიბუცია როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის ეკონომიკაში მუდამ მზარდი იყოს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აეროპორტზე, როგორც ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელზე რეგიონში.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები 6 თვის განმავლობაში მოამზადებენ ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას, რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში.
საქართველოში ვიზიტად მყოფი IATA-ს ექსპერტები ასევე შეხვედრები გამართეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში, აგრეთვე ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ სხვა უწყებებში. მათ ასევე მოინახულეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, მისი სააეროდრომო ნაწილი და არსებულ მდგომარეობა და შესაძლებლობები.