ლატვიიდან შესაძლოა, რუსეთის ათასზე მეტი მოქალაქე გააძევონ.
ამის შესახებ მოქალაქეობისა და მიგრაციის საქმეთა ოფისის (USGM) ხელმძღვანელმა, მაირა როზემ განაცხადა.
მისი თქმით, ლატვიაში ბინადრობის ნებართვა რუსეთის თითქმის 15 500-მა მოქალაქემ მოითხოვა, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა – თითქმის 3 ათასმა პირმა.
როზეს თქმით, ქვეყანაში ყოფნის გასაგრძელებლად საჭირო პროცედურები, დაახლოებით, 2200 ადამიანს არ აქვს გავლილი, მაგრამ რიცხვი უნდა დაზუსტდეს.
„1000-ზე მეტი ადამიანი დეპორტაციას ექვემდებარება. არის ბევრი ადამიანი, ვინც დააგვიანა საბუთების წარდგენა, ვინც ჯერ კიდევ ცდილობს ამის გარკვევას და დროებითი ბინადრობის ნებართვისთვის საბუთები წარადგინონ, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვუთხრათ მათ, რომ ქვეყანა უნდა დატოვონ”, – თქვა მან.
ოქტომბრის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ლატვიის მოქალაქეობისა და მიგრაციის ოფისმა რუსეთის 3255 მოქალაქეს ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვის შესახებ წერილები გაუგზავნა.