FT: ევროკავშირმა უნგრეთს შესაძლოა, ხმის უფლება ჩამოართვას
ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას განიხილავენ, რათა ამ გზით უკრაინისთვის თანხების გამოყოფის შეთანხმების მიღწევა მოხერხდეს.
ამის შესახებ Financial Times-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით იტყობინება.
მათი თქმით, ქვეყნებს შეუძლიათ, გამოიყენონ ევროკავშირის შესახებ 2007 წლის ხელშეკრულების მე-7 მუხლი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანას ხმის უფლება ჩამოერთვას ევროპული კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში. ეს პროცესი შესაძლოა, ევროკავშირის ნებისმიერ სხვა ქვეყნის მიერ დაიბლოკოს, მაგრამ პოლონეთში, ბოლო არჩევნების შემდეგ, უნგრეთს „გარანტირებული დამცველი“ აღარ რჩება.
Financial Times-ი წერს, რომ, ამის მიუხედავად, თანამეგობრობის ზოგიერთი წევრი ფრთხილად ეკიდება ბუდაპეშტისთვის შეზღუდვების დაწესების იდეას.
ამის ნაცვლად, მათ სურთ, ვიქტორ ორბანს დაანახონ ევროკავშირის შიგნით იზოლაციის „რეალური ფასი“, რათა აიძულონ, შეცვალოს აზრი უკრაინისთვის თანხების გამოყოფაზე.
გაზეთი წერს, რომ თუ ეს ტაქტიკა არ იმუშავებს, 26 ქვეყანას შეუძლია, უნგრეთის მონაწილეობის გარეშე დადოს შეთანხმება კიევისთვის დახმარების შესახებ, მაგრამ ამას მეტი დრო დასჭირდება და „მხოლოდ დროებითი გამოსავალი იქნება“.
“შესაძლოა, უნგრეთმა მეტი პრობლემა შექმნას. შესაძლოა, უნგრეთმა გვაიძულოს, გამოვიყენოთ სხვა საშუალებები. მაგრამ, საბოლოოდ, უნგრეთი ვერ შეგვიშლის ხელს უკრაინისთვის თანხების გამოყოფაში”, – თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.