„ემიგრანტები ხშირად იძენენ სურათებს ზამთრის თბილი ფერებით… ამბობენ, რომ დაბრუნდებიან და კედელზე დახვდებათ ჩემი ანგელოზები“…

მესამე წელია ხატავს. ამბობს, რომ  ხატვაში იპოვა საკუთარი თავი. ამ ბოლო დროს იტალიის  პატარა გალერედანაც დაუკავშირდნენ გამოფენისთვის.  მოსწონთ მისი ნამუშევრები,  სიყვარულით სავსე ტექსტებსაც სწერენ.
ყველა, ვინ ყიდულობს ჩემს სურათებს, ამბობს, რომ მოსწონთ ანგელოზები, რომლებიც განსაკუთრებულ აურას ატარებენსაზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი ემიგრანტიც იძენს მათ. აქ, საქართველოში, სახლებში გზავნიან. როცა დავბრუნდებით, კედელზე დაგვხვდებიანო“. – ხათუნა მორჩიაშვილის (ხათუნა ემის) პერსონა.

  თოვლი და საახალწლო განწყობა…  ზამთრის დახატვა ყველაზე მეტად გიყვართ…
– უკვე სამი წელი ვხატავ, ისეთ შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველთვის ჩემი ნაწილი იყო და მთელი ცხოვრება ამ საქმეს ვაკეთებ…  თოვლის ხატვა მსიამოვნებს იქნებ იმიტომაც, რომ მეც დეკემბრის გოგო ვარ. ჩემთვის თოვლი ახალ წელთან, იმედებთან და ოცნებებთან ასოცირდება, თითქოს ძველს ფარავს და რაღაც ახლის დასაწყისია.
ამ სამი წლის განმავლობაში  სხვადასხვა პროფესიის თაყვანისმცემლები მუდმივად იძენენ თქვენს ნამუშევრებს, რაც ალბათ დიდ სტიმულს გაძლევთ?

„ანგელოზების ქალაქი ღრუბლებში“

–  გამოჩნდა ხალხი, რომლებიც მუდმივად იძენენ ჩემს ნამუშევრებს. ეს სასიამოვნოც არის და, ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაც. პოლიტიკოსები, ცნობილი ექიმები, მსახიობები ხშირად არიან ჩემი ნამუშევრების ახალი მფლობელები…
 გვერდი  Khatuna M art gallery პოპულარულია სოციალურ ქსელში. ამ ბოლო დროს იტალიიდან  გამოფენა შემოგთავაზეს…  ემიგრანტებიც იძენენ თქვენს ნამუშევრებს…
– ემიგრანტები ხშირად იძენენ ჩემს ნამუშევრებს, ზამთრის თბილი ფერებით… ამბობენ, რომ დაბრუნდებიან და სურთ, კედელზე დახვდეთ ჩემი სურათები. სასიამოვნოა, თან გული მტკივა. მჯერა, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან. იტალიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის გალერეის მფლობელი დამიკავშირდა. ქართველი მეგობრის სახლში უნახავს ჩემი ნამუშევარი. შემომთავაზა, სრულიად უსასყიდლოდ დაეთმო გალერეა ჩემი გამოფენისთვის.

„თბილი სოფლის ანგელოზი“

 თქვენი შემოქმედების პირველი შემფასებლები?
– პირველი შემფასებელი ისევ და ისევ მეუღლეა. ასევე – მამა. მისი აზრიც ყოველთვის მნიშვნელოვანია.
უამრავი სამადლობელი შეტყობინება მოგდით… საინტერესო ამბავიც გექნებათ მოსაყოლი…
– ყოველდღიურად ბევრ თბილ მესიჯს ვპასუხობ. ხალხი მწერს სიყვარულით სავსე ტექსტებს. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ რაღაც სხვა ემოციას იწვევს ჩემი ნამუშევრები. ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ვინც შენს ნამუშევარს ელის, მას არ უნდა უღალატო.
მქონდა ასეთი შემთხვევაც – შარშან, 30 დეკემბერს, დავასრულე გაყიდვები. მოვემზადე მშვიდი საღამოსთვის. და უცებ მირეკავს ერთი ყმაწვილი, სასოწარკვეთილ-მუდარანარევი ხმით, და მეკითხება (თან ვგრძნობ, რომ სურს დადებითი პასუხი), მქონდა თუ არა ისევ კონკრეტული ნამუშევარი, რადგან ძალიან უნდოდა, მეორე დღეს – ახალ წელს შეყვარებულისთვის ეჩუქებინა. ვუპასუხე, რომ მქონდა. ავდექი და დავიწყე ხატვა (რადგან აღარაფერი მქონდა)… მთელი ღამე ვხატე, დილით ამ ბიჭმა წაიღო ნამუშევარი  და მიართვა თავის შეყვარებულს.

„სიზმრად ბროწეულებში“

  ანგელოზები…  თქვენს თაყვანისმცემლებსაც  შეაყვარეს თავი…
– ანგელოზები იმედია, სასწაულია, სიყვარულია, სიკეთეა. ის ნახატი, სადაც არ მყავს ანგელოზები, თითქოს დაუსრულებელია ჩემთვის.
– სახლები, „ბროწეულების ქვეყანა“, „კაკუნი სამოთხის კარზე“, „შობის ზარები“, „სიკეთის ქალაქის ფიფქები“, „სასწაული ჩემი ფანჯრიდან“, „ზეციური მნათობები“, „გზა სიმშვიდისკენ“, „პაემანი ღრუბლებში“… – პოეტური სათაურებია… გამოირჩევა ფერები, ვარდისფერ-იასამნისფერში გადასული თოვლით…
– ყველა ნახატს თავისი სახელი აქვს. ნახატი რომ სრულდება, თითქოს სახელწოდებაც  ბუნებრივად მოდის. რომელს გამოვყოფდი? ჩემთვის თითოეული ძალიან ძვირფასია.
თუმცა განსაკუთრებულია ბებოს თემა:  „ბებოს სახლი –  ბებო აღარ არის, მაგრამ  ანგელოზები ისევ კრეფენ ბებოს კარალიოკს ყოველ წელს” –  მარტო ეს სათაურია ყველაფრის მთქმელი.

„ბებოს სახლი“, ბებო აღარ არის, მაგრამ ანგელოზები ისევ კრეფენ ბებოს კარალიოკს ყოველ წელს”…

რამდენიმე წელია აღარ მყავს ჩემი ძვირფასი ბებო, მაგრამ ისევე ვგრძნობ მის სითბოს. მისი ხმა ისევ ჩამესმის… უბრალოდ სხვა სამყაროში გადაინაცვლა, სიკეთის სამყაროში. ამიტომ ყველა ნამუშევარი, რომელიც ბებოს ეხება, შეუფასებელია. რაც შეეხება ზამთრის თბილ ფერებს. ჩემი აზრით, ასე უნდა იყოს.  სუსხიანი ზამთრის მიუხედავად, სურათიდან სითბო უნდა იგრძნო. ამიტომ ვიყენებ თბილ ფერებს.
ჩემს ნახატებს სასიამოვნო განწყობის შექმნა, დადებითი ენერგიის მოტანა, სიმშვიდის დაუფლება შეუძლია.

„გზა სიმშვიდისკენ“

– როგორ მოდის შთაგონება, ფანტაზია? როდის ხატავთ?
– ვხატავ ღამით, თავისით მოდის ფანტაზიები. არ ვიცი, ვერ ვხსნი. ფაქტია,  არავის ვბაძავ და არც ვიხატავ. რომ ეძებოთ, მსგავსს ვერსად ნახავთ. ამიტომაც არის საავტორო ნამუშევრები. ამას ხალხიც ხვდება და კერძო კოლექციონერებიც, რომლებიც  ხშირად იძენენ ჩემს ნამუშევრებს. მათ ეს კარგად იციან, ამიტომაც არის ალბათ მოთხოვნადი და გაყიდვადი.
– როგორი განწყობით ხვდება ახალ წელს მხატვარი ხათუნა ემი? რას უსურვებდა შემოქმედების თაყვანისმცემლებს…
– როგორც ყველა ადამიანი, ახალ წელს ახალი ოცნებებით და იმედებით ვხვდები. თაყვანისმცემლებს ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს. ძალიან მინდა ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ  სასურველ ნამუშევარს შეწვდნენ (ამისთვის ხშირად ვაკეთებ ფასდაკლებას). ვისურვებდი, რომ ჩემ გარშემო  ბევრ გაღიმებულ სახეს ვხედავდე.
სათითაოდ ყველას  დიდ მადლობას ვუხდი სიყვარულისთვის. თითოეულის თბილი სიტყვა მახსოვს და მაძლიერებს.
– სამომავლოდ?…
– 2024  წლის ნოემბერ-დეკემბერში აუცილებლად გაიმართება ჩემი პერსონალური გამოფენა.

„შობის ზარები“
„ჩემი ცხოვრების შუქურა“
„კაკუნი სამოთხის კარზე“

 

                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები