გიორგი ცუცქირიძე: თუ თვალს გადავავლებთ მომსახურებით ვაჭრობის ბოლო 10 წლის დინამიკას, ვნახავთ, რომ სავაჭრო სალდო არის დადებითი

მიმდინარე წლის პროგნოზით (მომსახურების ექსპორტი 6 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს), ეს მაჩვენებელი 2019 წლის დონეს გაუთანაბრდება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ თვალს გადავავლებთ მომსახურებით ვაჭრობის ბოლო 10 წლის დინამიკას, ვნახავთ, რომ სავაჭრო სალდო არის დადებითი.

„ჩვენთან ხშირად როდესაც საუბარია ექსპორტზე, ძირითადად საქონლის ექსპორტზე ან რეექსპორტზე არის აქცენტები გადატანილი და შედარებით ნაკლებად მთლიან ექსპორტზე. მართალია, ზოგადად ტერმინი „ექსპორტი“ – საქონლის ექსპორტის ერთგვარ სინონიმად გამოიყენება, თუმცა საგარეო ვაჭრობის არანაკლებ მნიშვნელოვან კომპონენტს მომსახურებით ვაჭრობა წარმოადგენს. აქვე განვმარტავ, რომ მომსახურების ვაჭრობაში, ექსპორტი არის ნებისმიერი სერვისი, რომელსაც ერთ ქვეყანაში რეზიდენტი სხვა ადამიანებს ან კომპანიებს აწვდის. შესაბამისად, მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ისეთი ოპერაციების განხორციელებას გულისხმობს, რომელიც საზღვარზე საქონლის ფიზიკურად გადაადგილებას არ უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მომსახურებით ვაჭრობა თამაშობს მნიშვნელოვან როლს, როგორც განვითარებული ეკონომიკის, ისე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში, მათ შორის საქართველოს ეკონომიკაში. ამასთან, მომსახურების ექსპორტი არ არის მხოლოდ ტურიზმი, იგი ხელს უწყობს ექსპორტის დივერსიფიკაციას და საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსაც ქმნის, ხოლო მაღალი დამატებული ღირებულების შექმნით ეკონომიკაში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორია. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს მომსახურების ისეთი სექტორები, როგორებიც – ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფინანსური მომსახურება, კონსალთინგი და აუთსორსინგია. ამის დადებითი ეფექტი ჩვენ განსაკუთრებით 2022 წელს ვნახეთ, ომს გამოქცეული რუსული მიგრაციის პირველი ტალღიდან, რასაც ეკონომიკის ორნიშნა ზრდაზე ცალსახად პოზიტიური ზეგავლენა ჰქონდა და ნაკლებად იმ ფაქტორებთან, რასაც ქართული ოპოზიცია აპროტესტებდა.

თუ თვალს გადავავლებთ მომსახურებით ვაჭრობის ბოლო 10 წლის დინამიკას ვნახავთ, რომ სავაჭრო სალდო განსხვავებით საქონლით ვაჭრობასთან, არის დადებითი. მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები აღემატება იმპორტის გასავლებს, ხოლო პრეპანდემიურ პერიოდში 2018-2019 წლებში 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა, ხოლო 2019 წელს წინა კრიზისულ პერიოდში მომსახურების ექსპორტმა სარეკორდო თანხა 4 585.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2 169.0 მლნ აშშ დოლარის დადებითი სალდოთი. აქვე შევნიშნავ, რომ 2019 წელს მთლიანი ექსპორტის (9.58 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგინა 43 % იყო.

2022 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 5 703.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წელთან შედარებით 123.9 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი – 3 028.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 66.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. დადებითმა სალდომ 2 674.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 ჯერ აღემატება, არა მხოლოდ 2021 წლის მონაცემს( 2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 726.0 მლნ დოლარი შეადგინა), არამედ წინა კრიზისულ 2019 წლის მაჩვენებელსაც, როდესაც დადებითი სალდო 2 169. 0 მლნ აშშ დოლარი იყო და 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ეფექტის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

ნიშანდობლივია, რომ თუ 2019 წელს, მომსახურების ექსპორტი მშპ-ს 26.3%-ს შეადგენდა, 2021 მომსახურების ექსპორტი 2.5 მლრდ აშშ დოლარით მშპ-ს მხოლოდ 13.6% იყო, რაც აჩვენებს, რომ პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, მომსახურებით ვაჭრობის მნიშვნელოვნად შემცირებას. თუმცა, უკვე 2022 წელს მომსახურების ექსპორტის წილი მშპ-ში ასევე მკვეთრად არის გაზრდილი მშპ-ის 23 %-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის პროგნოზით(მომსახურების ექსპორტი 6 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებს), ეს მაჩვენებელი 2019 წლის დონეს გაუთანაბრდება.

ზოგადად თუ ჩვენ საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში გვაქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (ექსპორტი – 7,54 მილიარდი, ექსპორტი -12,64 მილიარდი) მომსახურებით ვაჭრობაში პირიქით, პროფიციტია!

2022 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 3 516.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 61.7 პროცენტს შეადგენს. 2019 წელს ეს მაჩვენებელი გაცილებით დიდი იყო და 71 %-ს შეადგენდა. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1 201.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 597.2 მლნ. აშშ დოლარით.

აღსანიშნავია, რომ მთლიან ექსპორტში ტურიზმის ხვედრითი წილი თუ 2019 წელს შეადგენდა 37,2 %-ს, 2020 წელს იგი შემცირდა 9.9 %-მდე ანუ 3.7 ჯერ არის შემცირებული. შედარებისათვის აღვნიშნავდი, რომ ხორვატიაში თუ 2019 წელს ტურიზმის ხვედრითი წილი მთლიან ექსპორტში თითქმის ჩვენს დონეზე იყო (38%), 2020 წელს მხოლოდ 23.5 %-მდე შემცირდა, ანუ 39 %-ით. კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია კაბო ვერდე მოვიყვანოთ, სადაც ჩვენზე გაცილებით დიდია მთლიან ექსპორტში საერთაშორისო ტურიზმის წილი, რაც 2019 წელს 54.6 %-ს შეადგენდა, ხოლო რეცესიულ 2020 წელს შემცირდა მხოლოდ 40 %-მდე. რეგიონის ქვეყნებიდან თუ თურქეთში საერთაშორისო ტურიზმის წილი 16.2 % იყო, 2020 წელს 6.7 % შეადგინა, რაც პროცენტულად ასევე ჩვენზე ნაკლებია. ჩვენთან ყველაზე ახლოს დგას სასომხეთი, თუ 2019 წელს ტურიზმი მთლიან ექსპორტში 26.8 % იყო, 2020 წელს 7.9 % -მდე შემცირდა ანუ 3.7 ჯერ.

ეკონომიკის ტურიზმზე მაღალი დამოკიდებულება, კოვიდ პანდემიური შოკისას გახდა აქტუალური, რაც ხანგრძლივი და მკაცრი ლოქდაუნის რეჟიმის შედეგი იყო. კოვიდ პანდემიური შოკის შედეგი იყო, საგარეო ვალის 39%-დან 61 %-მდე ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტის 3%-დან 9,2 %-მდე გაზრდა, უმუშევრობის ზრდით. დღევანდელი გადმოსახედიდან ლოქდაუნი და ბიზნეს შეზღუდვები ალბათ ზედმეტად მკაცრი იყო. მართალია, ლოქდაუნის ნეგატიური ეფექტი გარკვეულწილად დაკონპენსირდა სოციალური ხარჯების ზრდით და ბიზნესისათვის გაწეული საგადასახადო შეღავათებით, მაგრამ კრიზისი რომ გახანგრძლივებულიყო, ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა.

საქართველოს დღევანდელი მთავრობის და კერძოდ პრემიერ ღარიბაშვილის აქტივში უნდა ჩაითვალოს 2021 წლის დასაწყისიდან ეკონომიკის გახსნის გადაწყვეტილება, რამაც ეკონომიკა სწრაფ აღდგენად რეცესიულ ე.წ. V ციკლში გადიყვანა და 2020 წელს 6 %-იანი ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა ორნიშნა ზრდის ფონზე მოხდა.

რადგან გლობალური შოკებისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული, 2019-2022 წლებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით მოთხოვნის და მიწოდების ტრადიციული ჯაჭვების წყვეტისას, ეკონომიკას უფრო მაღალი დივერსიფიკაცია სჭირდება, მათ შორის მომსახურების სერვისებით, რადგან მომსახურების ექსპორტი შეიძლება იყოს გაცილებით ეფექტური იმ ბაზრებზე, სადაც საქონლის ექსპორტის ზრდის პერსპექტივა შეზღუდულია“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები