„მინანქარი ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან საინტერესო გამოწვევად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში“ – მეუღლესთან ერთად სიყვარულით დაწყებული საქმე და… ჟურნალისტური ცხოვრების დესერტი

პროფესიით ჟურნალისტია. იმ დროიდან ტკბილ-მწარე 90-იანი წლების სტუდენტობა და ძვირფასი მოგონებები მოჰყვება… ჟურნალისტიკის ინტერესმა შემდეგ მისი ცხოვრება სახელოვნებო სფეროს დაუკავშირა.
ოჯახის შექმნამ კი სხვა გამოწვევები შემოიტანა მის ცხოვრებაში – მინანქრის ხელოვნება.
ამბობს, რომ რაც მოხდა, მეუღლის ნიჭიერებისა და უნარების  დამსახურებაა: „დამოუკიდებლად ვიკითხეთ უამრავი ლიტერატურა… მე მინანქრის კვლევა დავიწყე, ირაკლი კი პრაქტიკოს მემინანქრედ შედგა“…
ამჟამად ფოთში მულტიფუნქციური შემოქმედებითი ჰაბის ,,არტელი“ დამფუძნებელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი, ქართული ტიხრული მინანქრის მკვლევარი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი.
ამ ცოტა ხნის წინ  დუბლინში  საჯარო ლექციაპრეზენტაციები ჰქონდა და თანამედროვე ქართველი მინანქრის ოსტატების გამოფენებიც გაიმართა. სამშობლოში შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.
ამბობს, რომ განსაკუთრებულს არაფერს გეგმავს, ცდილობს, ბედნიერი იყოს დღევანდელი დღით. – ირმა გუგუშვილის პერსონა.

–   ჟურნალისტობა… ალბათ შემთხვევით არ აგირჩევიათ…
– საერთოდ, ძალიან მაინტერესებდა ყველაფერი აკრძალული. ხასიათით ვარ მაძიებელი, მკვლევარი, და როცა ერთ დღეს ფოთში ჩამოვიდა ცნობილი ჟურნალისტი, მაშინდელ დისიდენტურ მოძრაობასთან დახლოებული ეროვნული მოძრაობის აქტივისტი, წარმოიდგინეთ, საბჭოთა სკოლის იდეოლოგიით თავგამოტენილი ბავშვის ცნობიერებაში გაიღო სარკმელი.
მახსოვს, ღამით, დაძინებამდე  როგორ მიყვებოდა ეროვნული მოძრაობის მისიაზე და მნიშვნელობაზე, მის ლიდერებზე, საქართველოს თავისუფლების იდეაზე… როცა ვუსმენდი, მჯეროდა, რომ შემეძლო შემეცვალა სამყარო,  რომ მეც ჩემი მისია მქონდა, ჩემი წილი განსაცდელი და  გმირობა მელოდა, მისგან გავიგე სიტყვა დისიდენტის მნიშვნელობა… მიყვებოდა, როგორ ცხოვრობდნენ, რაზე საუბრობდნენ თანამედროვე მწერლები და პოეტები… რეალურად როგორები  იყვნენ…
მოგვიანებით, როცა წამოვიზარდე, ფაქტობრივად, ხელი ჩამჭიდა და მიმიყვანა ამ საინტერესო და ჩემთვის საოცარ სამყაროში.  მოკლედ, მომნუსხა…
ჟურნალისტობა ჩემთვის იყო  საშვი, მივახლოებოდი იმ სამყაროს, რომელიც ძალიან მაინტერესებდა და მიზიდავდა. რაც მთავარია, აქ ვხედავდი ჩემს ადგილს და თვითგამოხატვის შესაძლებლობას.  აქ შემეძლო თამამად მეცურა დინების საწინააღმდეგოდ და რაღაც შემეცვალა!
თუმცა არ დაგიმალავთ, რომ  ძალიან მალე, ეს უკიდეგანო იდეალიზმი ჩაანაცვლა ზომიერმა ნიჰილიზმმა და  ზუსტად მაშინ, როცა, ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, უკვე კალამ-ხმალ ამოღებული გავჭრილიყავი  ასპარეზზე, თითქმის  გამიქრა ინტერესი აქტიური  ჟურნალისტიკისადმი. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება მაშინდელმა პოლიტიკურმა პროცესებმაც განაპირობა. ჩავმყუდროვდი, აბსოლუტურად გავემიჯნე პოლიტიკურ თემებს. ლიტერატურა, მუსიკა, ხატვა, კინო, თეატრი – ყოველთვის  ძალიან მიყვარდა და ჟურნალისტიკა გახდა ჩემთვის ცოცხალ მწერლებთან, მხატვრებთან, მუსიკოსებთან, შემოქმედებით ადამიანებთან შეხვედრის ბედნიერება…
ვისრუტავდი ამ ურთიერთობებს,  დიდ სიამოვნებას მანიჭებდა შემოქმედ, ნიჭიერ ადამიანებთან კონტაქტი.  ჩემი ინტერესები  ჟურნალისტიკაშიც, შემდეგ კი ცხოვრებაშიც,  სახელოვნებო სფეროს დაუკავშირდა.
–   სტუდენტობა ყოველთვის ლამაზი, დასამახსოვრებელი ხანაა…
– სტუდენტობიდან ძალიან რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო დრო და ადამიანები მომყვებიან, რომლებმაც შექმნეს ის ჯადოსნური  წრე, სადაც, მიუხედავად ურთულესი პერიოდისა, სისხლსავსე, შემოქმედებითი ცხოვრებით ვცხოვრობდი.
ჩემი ყოველდღიურობა იყო პირთამდე სავსე  მეგობრობით, პოეზიით გადარჩენით, სიყვარულით, წრფელი ურთიერთობებით…  ჩვენი დღეების სინათლე – ახალი ლექსებიდან რეფრენად ქცეული ფრაზებით…. ჩემ თვალწინ იწერებოდა ლექსები, იქმნებოდა ნაწარმოებები… მე ხშირად, ამის თანამონაწილესა და თვითმხილველს, მქონდა ბედნიერება, ცოცხალ კლასიკოსებთან ერთად მესვა ჩაი, მესაუბრა ყოფის აუტანელ სიმსუბუქეზე, შაქრისა და კარაქის ტალონების  პოეზიაზე,   ახალგამომცხვარ პურზე და გამოუმცხვარ  წიგნებზე,  მომეყოლა პურის რიგში გაგონილი ანეკდოტი, მესწავლა დილით და მემუშავა საღამოობით…
ასეთი ტკბილ-მწარე იყო იმ 90-იანი წლების სტუდენტობა, საიდანაც უსაყვარლესი და ერთგულესი ადამიანები ჩემი ცხოვრების უღალატო მეგობრებად და თანამგზავრებად  მომყვებიან …
–  ოჯახის შექმნამ სხვა გამოწვევები შემოიტანა თქვენს ცხოვრებაში – მინანქრის ხელოვნება…  მეუღლე,  რომელსაც არასოდეს უფიქრია გამოფენის გამართვაზე და ბედნიერია ჩრდილში დგომით…

მეუღლესთან – ირაკლი კეკელიასთან ერთად

–  ჩემი ოჯახი მე მგავს,  ვეთაყვანები ნიჭიერ ადამიანებს. მეუღლე… ტიხრული მინანქრის შექმნაზე არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად, არაფერი,  არსად, არასდროს, არავისგან   უსწავლია… არც ბერ თეოფილუსის ტრაქტატი ჰქონდა წაკითხული და არც ვახტანგ მეექვსის ჩანაწერები…
არ დაუმთავრებია აკადემია, არც რამე, ელემენტარული სახელოვნებო სასწავლებელი, არც კერძო მასწავლებელი ჰყოლია… სკოლის პერიოდშიც კი… დაწყებით კლასებშიც კი… სამხატვრო სკოლაშიც კი არასდროს  უვლია! თურმე, ორი წელი ფორტეპიანოზე დადიოდა, ანუ, დედამისს ეგონა, რომ დადიოდა!
არასდროს არსად უნახავს და არც არავისთვის უკითხავს, მინანქარი როგორ კეთდება!
დაიწყო  ჩემი ხათრით… მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვთხოვე… მე ვგიჟდებოდი მინანქარზე! მაშინ უმუშევრები ვიყავით, სამი შვილით… ბავშვები დამყავდა  მინანქრის უფასო წრეზე, ფოთში, ირაკლი თოთიბაძესთან.   მე იქ გავიგე მინანქრის ანაბანა… ორი წინადადებით ავუხსენი, თურმეობით ფორმატში,  როგორ კეთდება და ვუთხარი, რომ ზუსტად ვიცოდი, შეძლებდა!
ერთადერთხელ  მიაკითხა ბავშვებს სამხატვროში, წამოსაყვანად… სამუშაო  მაგიდიდან  ხუთიოდე  ნაბიჯის მოშორებით დადგა,  სულ 5 წუთი ესაუბრა ირაკლისაც… მინანქრის ფერებთან, იარაღებთან და მუფელის ღუმელთან ახლოს არც მისულა. უტყდებოდა, მასწავლეო, ეთხოვა… არ გვქონდა სწავლის ფული… არც კომპიუტერი. დავაქსეროქსეთ საჯარო ბიბლიოთეკიდან სასწავლო მასალა…
ინტერესით, ექსპერიმენტებით, ენთუზიაზმით და არანორმალური შრომისმოყვარეობით მივიდა აქამდე!
სიყვარული და შემოქმედებითი მუღამი იყო მთავარი, თავისთავად!
დღემდე გაოცებით მაჭყეტინებს თვალებს მისი ნიჭიერების ჯერაც გაუმჟღავნებელი შრეებით, სიღრმეებით, უნიკალური უნარების აღმოჩენით, მრავალმხრივობით და  არაორდინარულობით!
გაცნობის წუთიდანვე პირი დავაღე და მოვინუსხე მისი უკიდეგანო ნიჭიერებით, მრავალმხრივი ერუდიციით და   კროსვორდების ამოხსნის სისწრაფეში – რეკორდით!
ბედნიერია, როცა   დგას ჩრდილში… ნირვანაშია და  ნეტარებს,  როცა  ქმნის… იტანჯება ინტერვიუებისას…
დაუსრულებლად ღადაობს  პიარზე… არასდროს უფიქრია (არათუ უოცნებია!..  როგორც ერთ ინტერვიუში „ჩაუდეს“ და დააბრალეს) გამოფენის მოწყობაზე… ნემსის წვერით რომ ამას აკეთებს, თანამედროვე ტექნოლოგიებით – წარმოიდგინეთ!
–  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი  ქართულ  ტიხრულ  მინანქრს იკვლევთ, რასაც მეუღლის დამსახურებად მიიჩნევთ…
– მინანქარი ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან საინტერესო გამოწვევად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.  საერთოდაც,  ჩემი მეუღლის ნიჭიერებისა და უნარების  დამსახურებაა ყველაფერი. მაშინ მასწავლებლის ფული არ გვქონდა და იმდენი ვიკითხეთ დამოუკიდებლად ლიტერატურა, იმდენი დაგვიგროვდა… მე მინანქრის კვლევა დავიწყე და ირაკლი უკვე პრაქტიკოსი მემინანქრეა.
– ახლახან დაბრუნდით დუბლინიდან, სადაც 10 დღის განმავლობაში საჯარო ლექციაპრეზენტაციებს ატარებდით.   დუბლინში თანამედროვე ქართველი მინანქრის ოსტატების გამოფენა გაიმართა…
– დუბლინში გაიმართა ჩემი საჯარო ლექცია-პრეზენტაცია და თანამედროვე ქართველი მინანქრის ოსტატების გამოფენა.
ევროკავშირის პროგრამის EU4CULTURE ფარგლებში, არტისტებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და მობილობის პროექტით ვიმყოფებოდი ირლანდიაში. 15-28 ნოემბერს, 14 დღის განმავლობაში, ქალაქ დუბლინში ჩავატარე საჯარო ლექცია-პრეზენტაციები ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციისა და ინოვაციის შესახებ.
მოეწყო ქართული ტიხრული მინანქრის სამი ოსტატის: გურანდა კუპრეიშვილის (ფოთი), სანდრო მიქენაიასა (ზუგდიდი) და ირაკლი კეკელიას (ფოთი) ნამუშევრების გამოფენები.
ასევე, წარვადგინე და გამოვფინე ჯვრული ნაქარგობის ოსტატის, დუშელი სანათა გიგაურისა და მისი სახელოსნოს მოსწავლეების ნამუშევრები.
ჩემს პროექტს უანგარო მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაციამ „ქართული კულტურის ცენტრი ირლანდიაში“, რომელიც მრავალი წელია, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იღვწის.
უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს ირლანდიაში, პროექტისადმი გამოჩენილი დიდი ინტერესის, მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის.
პროექტი ხორციელდება Eu4Culture დაფინანსებით, გამარჯვებულია გოეთეს ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ მობილობის საგრანტო კონკურსში – არტისტებისა და კულტურის პროფესიონალებისთვის
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ხართ… როგორ ასწრებთ სამსახური და სახლის საქმეებს ერთად?
– უფრო მეტად შინაურები ზარალდებიან… ყველაზე ხშირად, მეუღლე. ხშირად, სპონტანურად ვდგები და მათაც ვაყენებ ახალი გამოწვევების წინაშე.  არ მაქვს გაწერილი და მოწესრიგებული განრიგი, სამწუხაროდ, ძირითადად, ღამით ვმუშაობ, როცა ყველას სძინავს. შვილებს თავიდანვე ვაჩვევდი  დამოუკიდებლობას, თითქმის არასდროს ვერევი მათ გადაწყვეტილებებში,  ვცდილობ, საკუთარი მაგალითით  დავანახვო, რომ   შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, რომ უნდა იყვნენ მიზანსწრაფულები და აკეთონ ის საქმე, რასაც შეჰხარიან და  რაც გააბედნიერებთ!

დუბლინი

– ფოთის კულტურის განვითარების სტრატეგია შეიქმნა...
– ფოთის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, უნიკალური ბუნებრივი რესურსები და დიდი ტურისტული პოტენციალი, თვისებრივად ახალ არეალს შლის კულტურის სფეროს განვითარებისა და ადგილობრივი ეკონომიკის აქსელერაციისთვის. საფესტივალო ქალაქის იდეა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კონცეფცია, კულტურის კომერციალიზაცია, შავიზღვისპირა ქვეყნების კულტურული ქსელის ჩამოყალიბება, ის საკვანძო საკითხებია, რომლებსაც შეუძლიათ, ფოთი აქციოს რეგიონის მოწინავე, განვითარებული შემოქმედებითი ეკონომიკის მქონე ქალაქად.
2021 წელს ევროკავშირის პროექტში ჩავერთეთ, გავიმარჯვეთ და მათი მხარდაჭერით, მხარდაჭერით ფოთში შევქმენით ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგია.
ჩემი მიზანია, ფოთელი მეწარმეების გაყვანა ევროპულ ბაზარზე, კულტურის კომერციალიზაცია არის საჭირო და აუცილებელი სფეროს განვითარებისა და ქალაქის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.  ამისკენაა მიმართული ჩემი  ძალისხმევა, ამ პროცესში, მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაზიარება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა, ფონდებისა და ახალი რესურსების მოძიების სწავლა.
– ჰობი…
– უნიკალური ფოტოარქივი მაქვს, ჩემ მიერ შექმნილი, ფოტოგრაფიას ჩემმა უფროსმა დამ დამაკავშირა, ვისაც მთელი ცხოვრება კუდში დავდევდი. ფოტოაპარატი ხშირად თან დამაქვს. ვიღებ ფოტოებს და ვინახავ…არ დაიჯერებთ, ზოგი ისე გაქვს გადატანილი არქივში, არც დამითვალიერებია. ძალიან მიყვარს წლების მერე დაძველებული ამბების აღმოჩენა და პირველად თვალიერება… დრო სხვანაირად,საინტერესოდ ფილტრავს მოვლენებს. 10-20 წლის შემდეგ გამომზეურება…ამ საქმეს ვინახავ, როგორც ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების  დესერტს. დადგება დრო, ჩავუჯდები ამ არქივს…
მგონი, პორტრეტისტი ვარ, მიყვარს სახასიათო სახეების აღბეჭდვა. როგორც ფოტოაპარატით, ასევე კალმით. თუ ადამიანი არ მაინტერესებს, არც ფოტოს გადავუღებ და ვერც დავწერ.
–  სამი შვილი გყავთ… არ შეიძლება ხელოვნება არ უყვარდეთ…

შვილები: ელენე, ნატალია და ნიკალა

– შინ, ჩემთან,  ყველაფერი მოხატულია: კედელი, ტანსაცმელი,  საჭმელი,   ყველაფერს უყურებენ განწყობით: „მე ამისგან გავაკეთებ“… გოგონები – ელენე და ნატალია, უმაღლეს სასწავლებელში სახელოვნებო მიმართულებებს ეუფლებიან, ნიკალას ინტერესებიც ხატვას უკავშირდება. სამივესთვის შემოქმედებითი პროცესი  თვითგამოხატვის საშუალებაა და მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ…
არ მახსოვს, თავად ითხოვდნენ თუ ჩვენ, მშობლები ვერთობოდით მათთან ერთად, მაგრამ დიდ სიამოვნებას  ვიღებდით თუნდაც იმით, რომ რუტინულ საუზმესაც კი შემოქმედებითად ვაწყობდით, მაგალითად, მოხარშული მაკარონით თეფშზე ვხატავდით ზღაპრის ილუსტრაციებს, ურიერთშეპასუხებისას   ვეძებდით რითმებს, ვქმნიდით საოჯახო ანდაზებს, ერთად ვრითმავდით  ყოფით ამბებს, ჩემი შვილები დღესაც, ხშირად, როცა რამეს  უნდათ მივხვდე, თავიანთი ნახატებით მესაუბრებიან… ყოფით საკითხებზე დებატებისას არგუმენტებად მოჰყავთ საყვარელი   ლიტერატურული პერსონაჟების განწყობები და ფრაზები… ერთი სიტყვით,  შემოქმედებითი თამაშებით, ასე ვზრდით ერთმანეთს.
–  გეგმები…
– საერთოდ, მიყვარს ცვლილებები და ძალიან ადვილად ვიღებ ახალი ეტაპის დაწყებაზე გადაწყვეტილებას, თუმცა მაქვს პრიორიტეტები, რასაც არასდროს ვღალატობ. ცვლილებებზე არასდროს მიყოყმანია,  არჩევანს ყოველთვის ახალი გამოწვევების სასარგებლოდ ვაკეთებ.
ყოფითი გეგმები რა აქ მოსატანია… განსაკუთრებულს, არაფერს ვგეგმავ, ვცდილობ, ბედნიერი ვიყო დღევანდელი დღით.

 

                                                                                  თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები