პრემიერ-მინისტრი სოფელ აბანოს სკოლაში იმყოფებოდა
გახარებულები ვართ, ძველი სკოლა გვქონდა და ახალი აგვიშენდა, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვისწავლით და გავახარებთ მშობლებს და მასწავლებლებს,- ამ სიტყვებით შეეგება სოფელ აბანოს ახალი სკოლის მოსწავლე გიორგი სებისკვერაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც დღეს ქარელში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ აბანოს სტუმრობდა. მან სოფლის ახალი სკოლა დაათვალიერა და პედაგოგებსა და მშობლებს გაესაუბრა.
“ახალი სასწავლო წლის დაწყება წელს თქვენთვის განსაკუთრებულია – თქვენ ახალ სკოლაში იწყებთ სასწავლო წელს, რაც ძალიან სასიხარულოა; სკოლის აშენებით სოფელში დიდი პრობლემა გადაიჭრა. მიხარია, რომ დღეს ბავშვები არიან ბედნიერები, პედაგოგები კი მოტივირებულები. ჩვენთვის მთავარია, ყველა ბავშვს მიეცეს სათანადო განათლება. თუ არ გვეყოლება განათლებული მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება”,- განუცხადა პრემიერმა სკოლის ეზოში შეკრებილ პედაგოგებსა და მათ აღსაზრდელებს.
მისივე თქმით, სკოლები ახალ სასწავლო წელს მთელი რიგი სიახლეებით ხვდებიან.
“წელს ბავშვები ისევ უფასოდ მიიღებენ სახელმძღვანელოებს, ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლის ხელფასი, სკოლაში იმუშავებს ექიმის კაბინეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ვიწყებთ სერიოზულ მუშაობას მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხით. თქვენი სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. აღარავის ექნება გადაადგილების პრობლემა და ეს მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა პრემიერმა.
სოფელ აბანოს ახალი სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის შენობა და ეზო გათვლილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. სკოლა ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.