„რუსეთს სურს, აფხაზეთისა და ოსეთის სახით ტვირთი მოიშოროს“
რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის მართებულობას ექსპერტები აფასებენ. ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე საუბრისას პოლიტოლოგები გიორგი მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრის აუცილებლობაზე საუბრობენ და პუტინის მხრიდან ურთიერთობის მოგვარების მოტივებზე საუბრობენ. შესაძლო შეხვედრის შესახებ „კვირას“ საკუთარი მოსაზრებები ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ გაუზიარა. ექსპერტის განმარტებით, 2008 წელს დაწყებული ომი იყო არა საქართველოს, არამედ დასავლეთის წინააღმდეგ წარმოებული, რომლითაც ერთგვარად რუსეთი მათ დაემუქრა და დანაპირები შეუსრულა. საყვარელიძის განმარტებით, სამი ძირითადი საკითხია, რამაც რუსეთის პირველ პირს გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა დააშვებინა.
„პირველი მიზეზი პუტინის გადაწყვეტილებისა ის არის, რომ დღეს რუსეთს დასავლეთთან აღარ აქვს საჭიდაო იმ ტიპის საკითხები, რაც მაშინ ჰქონდა. მეორე მხრივ, შეიცვალა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილი აღარ არის. მესამე საკითხია კიდევ, რომ რუსეთმა უკვე „უძირო ხარჯში“ ძალიან დიდი თანხა დახარჯა აფხაზეთისა და ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებზე, როცა ვერც კი გაიგებ, სად წავიდა ფული. ამიტომაც რუსეთს სურს, ეს ეკონომიკური და პოლიტიკური ტვირთი მოიშოროს. რუსეთი თავის დროზე შეჰპირდა დასავლეთს, რომ აფხაზეთს და ოსეთს ვაღიარებ, თუკი თქვენ აღიარებთ კოსოვოსო და თავის პირობა შეასრულა. დასავლეთთან დიალოგი იყო ის ბათქა-ბუთქი, რაც რუსებმა ცხინვალში ატეხეს. ამ დროს რუსეთი დასავლეთს ესროდა. ეს იყო დასავლეთისთვის გაგზავნილი ერთგვარი მუქარა, ამიტომაც დაარტყეს სწორედ იმ ქვეყანას, რომლისთვისაც დასავლეთი ვალდებულიც კი იყო, რომ ქმედითი დახმარება გაეწია“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძის განცხადებით, პუტინმა ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თავადვე თქვა, რომ კარგად ესმის ქართველების და საჭიროა პრობლემის გადასაწყვეტი გზების მოძებნა. მისივე თქმით, პუტინს სურს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და თან შენარჩუნდეს აფხაზეთის და ოსეთის „დამოუკიდებლობა“. ექსპერტის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაჯდეს პუტინთან „დიალოგის მაგიდასთან“, რადგან თუ საქართველო ბოიკოტის რეჟიმს გამოცხადებს, ამასვე მოიმოქმედებს რუსეთიც, რის შემდეგაც საქართველოს რეალური მშველელი არავინ იქნება. მხარეებს შორის შეხვედრის მოტივებზე საუბრობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძეც. მისი თქმით, პუტინის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი ევრაზიის კავშირის შექმნაში და საქართველო-ევროკავშირს შორის ზაფხულისთვის ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის საკითხში უნდა ვეძიებოთ. ლაგაზიძის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნებზე, რომლებიც სურს თავისი გავლენის სფეროში ჰყავდეს, ზეწოლის ფორმები გაამრავალფეროვნა და, ძალისმიერი მეთოდების ნაცვლად, დღეს შედარებით რბილ ძალას – ეკონომიკურ და საინფორმაციო ზეწოლას იყენებს.
“თუ გავითვალისწინებთ პუტინის მიზანს, რის გამოც ის საქართველოს მისამართით ასე რადიკალურად დათბა, მაშინ ასეთი შეხვედრის ალბათობა მინიმუმ უახლოეს თვეებში არ უნდა გამოვრიცხოთ. მთავარი კითხვა არის ის, თუ რა მოტივი ამოძრავებდა პუტინს, როდესაც ამ განცხადებებს აკეთებდა. როდესაც მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი ფრაზა, სადაც ის აღიარებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბევრი ტრაგიკული ფურცელი იყო, მაგრამ დღეს რუსეთი მზად არის, ბევრი რამ გააკეთოს საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. 2 მნიშვნელოვანი თარიღი გახდა პუტინის მოტივატორი – პირველი ეს არის 2015 წელი, რომელიც მან კარგა ხნის წინ ევრაზიის კავშირის შექმნის თარიღად გამოაცხადა და ეს თარიღი ახლოვდება. მეორე – ეს არის რამდენიმე თვის შემდეგ დაგეგმილი ხელმოწერა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ეს ორი მომენტი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც პუტინს აიძულებს, რომ მსგავი განცხადებები აკეთოს. საინტერესოა, რომ რუსეთმა ბოლო პერიოდში სასურველი გავლენის სფეროებზე ზეწოლის ხერხები გაამრავალფეროვნა. ადრე თუ რუსეთის ხელწერა მხოლოდ ძალისმიერი იყო, დღეს უკვე ის იყენებს რბილ ძალასაც, როგორიცაა, სასურველ ქვეყნებზე ეკონომიკური და საინფორმაციო ზეწოლა. პუტინის განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მას სურს, საქართველო იხილოს სწორედ ევრაზიის სივრცეში და არამც და არამც ევროკავშირის ფარგლებში, თუნდაც ასოცირების ხელშეკრულების პირობებში, ამიტომ ეს შემოთავაზება თავისთავად საინტერესოა”, – განაცხადა ლაგაზიძემ.
საყვარელიძის მსგავსად, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და პუტინს აუცილებლად უნდა შეხვდეს. “თუ ჩვენ ვიცით პუტინის მიზანი, მაშინ რისთვის უნდა შეხვდეს საქართველოს ხელისუფლება?! უნდა შეხვდეს ბევრი რამისთვის – უპირველეს ყოვლისა, იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებს დაანახვოს მზაობა რუსეთთან დიალოგისა. დღეს დასავლეთი არ არის ისეთი, როგორც იყო რამდენი ხნის წინ და მას არ სჭირდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი კონფრონტაციული რეჟიმი იხილოს, ისეთი როგორც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში იყო, რადგან დასავლეთი არც მაშინ იყო მზად, რომ საქართველოს ინტერესები რეალურად დაეცვა და, მით უმეტეს, არ არის დღეს, როდესაც მას თავისი ეკონომიკური პრობლემები აქვს, როდესაც ის პროვოცირებულია უფრო მეტად ახლო აღმოსავლეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე და, შესაბამისად, მისი რესურსები ამოწურვადია და არ ჰყოფნის, რომ რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძოლოს. ამის კლასიკური მაგალითია უკრაინა, სადაც ფაქტობრივად, დასავლეთმა დროებით მაინც თავისი პოზიციები დათმო. დასავლელი ლიდერებისთვის სრულიად გაუგებარი იქნება საქართველოს პოზიცია, თუ ის რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს იტყვის. მეორე მხრივ, ასევე მომავლის ისტორიის გადმოსახედიდან აუხსნელი იქნება, რატომ არ გამოიყენა საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლობა იმ ქვეყანასთან დიალოგის რეჟიმის გაასაქტიურებლად, რომელმაც მას ტერიტორიების 25% წაართვა. მაშინ, როცა ჩვენ რუსეთთან ურთიერთობისა და ამ ტერიტორიების დაბრუნების სხვა რესურსი არ გვაქვს, გარდა რუსეთთან დიალოგისა, ამიტომ ეს შანსი გამოსაყენებელია”, – განაცხადა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ხელისუფლებასთან შესახვედრად მზადყოფნა გამოთქვა. ვლადიმერ პუტინი მზადაა, სურვილის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს. ჩრდილოელი მეზობლის პრეზიდენტის საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის. თავის მხრივ, პუტინთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოთქვა. დღესვე აღნიშნულ საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მარტის დასაწყისში მასსა და საქართველოს პრემიერის წარმომადგენელს, რუსეთის ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად ქვეყნის პირველი პირების შესაძლო შეხვედრაც განიხილება.
ცირა შერგელაშვილი