გიორგი ცუცქირიძე: დღეს არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, დასავლეთის და საქართველოს ინტერესები ერთმანეთთან კვეთაშია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადება „გაფართოების პაკეტთან” დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ჯერ არ არის საბოლოო შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის მხრიდან, აქ ზოგიერთმა უარის მოლოდინით ახსნა. თუმცა ბატონი ელჩისვე კომენტარით ევროკავშირის წევრების აბსოლუტური უმრავლესობა მზად არის, მხარი დაუჭიროს გაფართოების პაკეტს ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დღეს არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, დასავლეთის და საქართველოს ინტერესები ერთმანეთთან კვეთაშია.

“მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამყარებს:

პირველ და მთავარ ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ, თავად ევროკავშირში მიღწეული კონსენსუსი გაფართოების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, რაც გასულ წლებში პრობლემური იყო და რეალურად უკრაინაში რუსულმა სამხედრო ინტერვენციამ დააყენა დღის წესრიგში. ბოლო გაფართოება კი მოდის 2013 წელზე, როდესაც წევრად მიიღეს ხორვატია. ამის შედეგი კი გახლდათ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მრავალწლიანი ლოდინი წევრობის სტატუსზე. ასე მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონია უკვე 17 წელია რაც ევროკავშირის კანდიდატია, მონტენეგრო 12 წელია, სერბეთი 11 წელი, ალბანეთი 9 წელი. თურქეთზე აღა მაქვს საუბარი, რომლის ევროინტეგრაციაში ჩართვა ჯერ კიდევ 1959 წლიდან იწყება..
მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევ, უკრაინის და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომლებიც ჩვენთან ერთად “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ერთიან კალათაში იყვნენ განთავსებული, რასაც დაერთო 2014 წელს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, რაც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area – DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან მექანიზმებს.
კიდევ ერთი მეტად საყურადღებო ფაქტორზეც მსურს თქვენი ყურადღების მიქცევა, და რაც ფაქტობრივად, წინ უსწრებს 15 დეკემბრის მოსალოდნელ დადებით გადაწყვეტილებას, ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ვფიქრობ ცოტა დაგვიანებით, თუმცა მაინც:
დღეს არის სიტუაცია, როდესაც თუნდაც წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, დასავლეთის და საქართველოს ინტერესები ერთმანეთთან კვეთაშია, გნებავთ გეოპოლიტიკურ ასპექტშია თანხვედრაში.
მიმაჩნია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები იძლევა დადებითი გადაწყვეტილების მიღების მაღალ ალბათობას. დღეს ამ შანსის მიღება გაცილებით რეალურია, ვიდრე უარი კანდიდატის სტატუსზე. ბატონ ჰერჩინსკის მეტად დიპლომატიური, თუმცა ცოტა დამაინტრიგებელი კომენტარიც ამ პოზიტიურ მოლოდინს გულისხმობს!
ცალკეული პოლიტაქტიორების მხრიდან ამ პროცესის დაზიანების ნებისმიერი მცდელობა, და გარკვეული ნიჰილიზმის დათესვა თუ ვის წისქვილზე ასხამს წყალს, ვფიქრობ დიდი მიხვედრა არ სჭირდება.
ჩვენი წინა თაობების სათქმელი კი ევროპაზე მეოცნებე დიდმა ქართველმა პოეტმა და პატრიოტმა ტატო (ნიკოლოზ) ბარათაშვილმა თავის უკვდავ “მერანში” გვიანდერძა:
“ ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის
ეს განწირულის სულისკვეთება,
და გზა უვალი, შენგან შთენილი,
მერანო ჩემო, მაინც დარჩება” !”,- წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები