SIPRI: უკრაინაში ომის მიუხედავად, 2022 წელს ტოპ-100-ში შესული იარაღის მწარმოებელი კომპანიების მოგება შემცირდა

მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, 2022 წელს მსოფლიოს იარაღის მწარმოებელი უმსხვილესი 100 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 597 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 3,5%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ სტოკჰოლმის მშვიდობის საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშშია ნათქვამი.

კლება ძირითადად მოხდა აშშ-ის მწარმოებლების შემოსავლის შემცირების შედეგად – მაშინ, როდესაც აზიისა და ახლო აღმოსავლეთის კომპანიების შემოსავალი პირიქით, გაიზარდა.

უკრაინაში ​რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ და მთელ მსოფლიოში გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, 2022 წელს ხელი შეუწყო იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას. თუმცა, ახალი შეკვეთების მიუხედავად, ბევრმა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიამ ვერ შეძლო საგრძნობლად გაეზარდა წარმოების სიმძლავრე მუშახელის დეფიციტის, გაზრდილი ხარჯებისა და მიწოდების ჯაჭვის შეფერხების გამო.

გარდა ამისა, ახალი შეკვეთები წლის ბოლოს გაკეთდა, რამაც გამოიწვია ის, რომ მოთხოვნამ 2022 წლის შემოსავალზე არ იმოქმედა.

როგორც SIPRI-ის სამხედრო ხარჯებისა და იარაღის წარმოების პროგრამის დირექტორმა, ლუსი ბერო-სუდრომ თქვა, აზიიდან, ოკეანიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან იარაღის მწარმოებელი კომპანიების შემოსავალი პირიქით, გაიზარდა. ეს ეხება ისრაელსა და სამხრეთ კორეას, სადაც წარმოების სიმძლავრე შენარჩუნებულია საპასუხო რეჟიმში, ისევე – როგორც იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიები მიწოდების მოკლე ჯაჭვზე არიან მიბმული.

2022 წელს ტოპ 100-ში შესული 42 ამერიკული კომპანიის შემოსავლები 7,9%-ით შემცირდა და 302 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამავე სიიდან ევროპაში დაფუძნებული 26 კომპანიის შემოსავალი მხოლოდ 0,9%-ით გაიზარდა 2022 წელს და 121 მილიარდ დოლარს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები