ყირიმის საბრძოლო დელფინები რუსეთის ჯარში „იმსახურებენ“

ყირიმის სახელმწიფო ოკეანარიუმი, სადაც საბრძოლო დელფინები გადიან მომზადებას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სრულად დაექვემდებარა. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სევასტოპოლის პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა. მანამდე საბრძოლო დელფინები და ზღვის ლომები ტრენინგს საბჭოური პროგრამებით უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ინტერესებით გადიოდნენ.
უკრაინელმა სამხედროებმა სწავლებები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხოლოდ 2012 წელს აღადგინეს. ყირიმის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ, ოკეანარიუმი და დელფინები, შესაბამისად, რუსეთის საკუთრება უნდა გამხდარიყო.
„ეს ორგანიზაცია სრულად გადავიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ“, – განაცხადა მენიაილომ. მან ასევე აღნიშნა, რომ ოკეანარიუმიდან 4 დელფინი, რომლებსაც მანამდე საბავშვო თერაპიის პროგრამის ფარგლებში იყენებდნენ, დელფინოთერაპიის ცენტრებში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, მანამდე „რია ნოვოსტი“ აცხადებდა, რომ სევასტოპოლის ოკეანარიუმში ტრენინგს 13 დელფინი გადიოდა. მსოფლიოში საბრძოლო დელფინების მომზადების სულ 2 ცენტრი არსებობს: სან-დიეგოს ბაზა (აშშ-ში) და სევასტოპოლში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები