„ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა გასული ორი წლის ორნიშნა ზრდის თავისებური გაგრძელებაა“ – ცუცქირიძე

„ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა გასული ორი წლის ორნიშნა ზრდის თავისებური გაგრძელებაა და როგორც რეგიონში, ისე ცენტრალურ აზიასა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს  როგორც საქონლით საგარეო ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო აქტივობის, და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები წარმოადგენდა.

„ეკონომიკური ზრდის ოქტომბრის მაჩვენებელმა(2023 წლის ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6.9%-ს გაუტოლდა), ფაქტობრივად, დაადასტურა წინასწარი პროგნოზი ეკონომიკური ზრდის წლიურ 7- პროცენტიან მაჩვენებელზე გასვლაზე.

ეკონომიკა წელსაც, რომ მაღალ მაჩვენებელზე გავიდოდა მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მხრიდან, წლის დასაწყისში, შედარებით კონსერვატიული წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის (4.5-5 %) გადასინჯვამაც აჩვენა წლიური ზრდის 6 %-იან დონემდე აწევაში და რაც ასევე სამთავრობო პროგნოზთან არის თანხვედრაში.

ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა გასული ორი წლის ორნიშნა ზრდის თავისებური გაგრძელებაა და როგორც რეგიონში, ისე ცენტრალურ აზიასა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ნიშანდობლივია, რომ 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა როგორც საქონლით საგარეო ვაჭრობის, ასევე საინვესტიციო აქტივობის, და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 16 %-ით, ხოლო ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა და მოცულობამ 5.1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა.

ეკონომიკური ზრდის კონტრიბუციაში კვლავ მზარდია საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. 2023 წლის სამ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გასულ წელთან შედარებით 29.2%-ით არის გაზრდილი და 3.3 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც ფაქტობრივად გაუტოლდა 2019 წლის წლიურ, ანუ 12 თვის მაჩვენებელსაც კი, ხოლო 2019 წლის დონეს 25.9%-ით გადააჭარბა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს მაღალ ზრდას  პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია. 2023 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დაახლოებით 16%-ით გაიზარდა.

საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ეფექტი, პოზიტიურად აისახა სარეკორდოდ, 26 მილიარდ ლარამდე გაზრდილი ბიუჯეტის პარამეტრებზე, რამაც მთავრობას საშუალება მისცა, დამატებით დაეფინანსებინა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება.

ზრდის მაღალი მაჩვენებელი აისახა სამუშაო ადგილების ზრდაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას.

საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურ ზემოქმედებას ახდენს შრომის ბაზრის კონიუნქტურაზე, მის ხარისხობრივ და რაოდენობრივ პარამეტრებზე. ბოლო პერიოდში შეინიშნება როგორც სამუშაო ადგილების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატება და უმუშევრობის დონის შემცირება, ისე დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა შორის თანაფარდობის არსებითი ცვლილება. კერძოდ, ბოლო წლების საუკეთესო ნიშნულზეა გასული დასაქმებულთა საერთო რაოდენობაც – ამჟამად ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1366.3 ათასს აღწევს, ხოლო დასაქმების საერთო რიცხვის მატება გარდა რაოდენობრივი პროგრესიისა, მის ხარისხობრივ გაუმჯობესებასაც ადასტურებს.

რაც მთავარია, დასაქმებულთა შორის იცვლება თანაფარდობა დაქირავებით დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის პირველის სასარგებლოდ. ამჟამად, ყოველ 100 თვითდასაქმებულზე 223 დაქირავებით დასაქმებული მოდის, მაშინ როცა ერთი წლის წინ აღნიშნული რიცხვი მხოლოდ 206 იყო. დასაქმების დონე იზრდება და პარალელურად კლებულობს უმუშევრობის მაჩვენებელიც და წლის დასაწყისთან (პირველ კვარტალთან) შედარებით 2.4 პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ინარჩუნებს. სავალუტო ფონდის ოქტომბრის განახლებული პროგნოზების თანახმად, 2023-2028 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად

ევროპის ქვეყნებს შორის, 5.3%-ის ოდენობით. რაც მთავარია, სულ უფრო რეალურია პერსპექტივა –  უახლოეს პერიოდში ქვეყანამ, ნაცვლად არსებული 2 ბ დონისა, მიიღოს 3 ბ  სუვერენული საკრედიტო რეიტინგი, რაც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები