გიორგი ცუცქირიძე: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკა უკვე მესამე წელია მაღალ მაჩვენებელზეა

ფინანსთა სამინისტრომ 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა დოლარებში 8.44 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 760 მილიონი დოლარით მეტია, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ბუნებრივია, ამ სტატისტიკამ ან მისმა არასწორმა ინტერპრეტირებამ, რასაც გასულ წლებშიც არაერთხელ ჰქონია ადგილი, შედარებით გაუთვითცნობიერებელ ადამიანებში შეშფოთებაც კი შეიძლება გამოიწვიოს, რისი ნიშნებიც სოციალურ ქსელებში უკვე შეინიშნება. უახლოესი წარსულიდან გვახსოვს მზრდი საგარეო ვალის ნეგატიური ეფექტები ისეთი ქვეყნების მაგალითზე, როგორიც საბერძნეთი, ესპანეთი ან იტალიაა, რასაც ამ ქვეყნებში სამთავრობო პოლიტიკური კრიზისები მოპყვა და და რამაც ეს ქვეყნები დეფოლტამდეც კი მიიყვანა. 

იმისათვის, რომ მომავალში უკეთესად გავიგოთ ვალის ცვლილების დინამიკა, რამდენიმე ფაქტორი მსურს გამოვყო.

1. ვალის მშპ-ის თანაფარდობა არის ეკონომიკური მეტრიკა, რომელიც ადარებს ქვეყნის მთავრობის ვალს მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) (რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მიერ წარმოებული ყველა საქონლისა და მომსახურების ღირებულებას). როგორც წესი, იგი გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და სიჯანსაღის დასადგენად. ზოგადად ითვლება, რომ ვალის მშპ-ს 77%-ზე უფრო მაღალმა კოეფიციენტმა შეიძლება შეაფერხოს ეკონომიკურ ზრდა და (ზოგიერთ შემთხვევაში) დააყენოს ქვეყანას ვალების დაფარვის რისკის ქვეშ, რამაც თავის მხრივ შეიძლება ზიანი მიაყენოს მის ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებს.

2. თუმცა პირობითად არც მაღალი ვალია სასურველი და არც დაბალი. ბოლო ათწლეულში ყველაზე მაღალი ვალის მომსახურების კოეფიციენტი საქართველოს ჰქონდა 2020 წელს- 60.2 %, რაც გამოწვეული იყო კოვიდ პანდემიური შოკისას, ეკონომიკის ჩაკეტვის შედეგად, გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების გამო. აქვე აღვნიშნავ, რომ რაიმე კატასტროფული არც ამ მაჩვენებლში იყო.

შედარებისათვის, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ვალის მშპ-ს თანაფარდობა, არის ვენესუელა(350%) და იაპონია(266%). მართალია, ვენესუელას აქვს ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი მსოფლიოში, მაგრამ იმის შედეგად, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანია ცუდად იმართება, ვენესუელას მშპ ბოლო წლებში მკვეთრად დაეცა. ამავდროულად, ვენესუელამ აიღო უზარმაზარი სესხები, რამაც სარეკორდოდ გაზარდა ვალის ტვირთი.

იაპონია მეორე ადგილს იკავებს 266%-იანი თანაფარდობით. ვალის ზრდის ფაქტორი კი გახდა 1992 წელს იაპონიის Nikkei (საფონდო ბაზარი) ჩამოვარდა. მართალია, მთავრობამ გადაარჩინა ბანკები და სადაზღვევო კომპანიები და უზრუნველყო მათთვის დაბალპროცენტიანი კრედიტი, მაგრამ ამ ქმედებებმა გამოიწვია იაპონიის ვალის მკვეთრი ზრდა.

ნიშანდობლივია, რომ ისტორიულად მაღალი ვალის მქონე ქვეყნებში შედიან საბერძნეთი(206 %), იტალია(156%), პორტუგალია(134%) შეერთებული შტატები(128%) , რომლის ვალის მშპ-ს თანაფარდობა მე-12 ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის.

3. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო ვალი-მშპ-ის დაბალი თანაფარდობა ზოგადად სასურველია, ეს სულაც არ მიუთითებს ჯანსაღ ეკონომიკაზე. ბევრ სტაგნაციას ან განვითარებად ეკონომიკას აქვს ვალი-შემოსავლის დაბალი თანაფარდობა, რადგან მათი ვალის დონეც და მშპ-იც დაბალია. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ისეთი ქვეყნები როგორებიცაა: ბრუნეი(3.2%), ავღანეთი(7.8%), ბურუნდი(16.2%) და ა.შ.

4. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად საგარეო ვალების დაგროვების დინამიკა ანუ თუ რამდენად ახერხებს ქვეყანა აღებული ვალების გასტუმრებას. საქართველოს შემთხვევაში დღეს ჩვენ გვაქვს საშუალოზე დაბალი ვალის მაჩვენებელი, რაც ვალი მშპ-სთან თანაფარდობაში 2022 წელს იყო 39.8 %, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს 41 %. შესაბამისად, ვალის მშპ-სთან თანაფარდობაც შემცირებულია თითქმის 20 %-ით, ბოლო 3 წელიწადში, რაც ვალის გასტუმრების ძალიან მაღალი მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წელს ვალის შემცირების დინამიკას ლარის გაცვლითი კურსის გამყარებამაც შეუწყო ხელი!

თვალსაჩინოებისათვის, თუ 2020-2021 წლებში ჩვენ ავიღეთ 10 მილიარდ 822 მილიონი ლარის ვალი, იმავე პერიოდში გავისტუმრეთ მხოლოდ 3 მილიარდ 557 მილიონი ლარის ვალი ანუ მესამედი, შემდეგ 2022-2023 წელს უკვე ავიღეთ შედარებით ნაკლები 4 მილიარდ 585 მილიონი ლარის ვალი და რაც მთავარია ამ ვალის თითქმის ნახევარი იქნა გასტუმრებული(2, 213 მილიარდი).

5. ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება იყოს უფრო ჯანსაღი გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ქვეყანა სხვა ქვეყნიდან სესხს აიღებს და ეკონომიკურ ზრდაში დიდ ინვესტიციას განახორციელებს. მართალია, ეს გაზრდის მსესხებელი ქვეყნის ვალის მშპ-ს თანაფარდობას დროებით, მაგრამ ასევე გაზრდის ეკონომიკას (და მშპ) საკმარისად იმისთვის, რომ გადაიხადოს დავალიანება და გააგრძელოს გაზრდილი მოგება მომავალში.

საქართველოს ვალის სტრუქტურა აჩვენებს, რომ საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია($2,133,832,000), რაც მთლიანი ვალის 25.2 %-ია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო, რაც თავისი გრძელვადიანი ხასიათით საინვესტიციო დატვირთვას ატარებს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც($2,066,917,000, მთლიანი ვალის 24.4 %) ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი($967,536,000, 11.4 %) რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის(სოციალური და მუნიციპალური ობიექტები, წყლისა და წყალარინების სისტემები) დაფინანსებას ხმარდება. მარტო ამ სამი პოზიციით მთლიანი ვალის 61% ეკონომიკაში გრძელვადიანი კაპიტალდაბადებების ტოლფასია, რაც ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს. ბიუჯეტის შემოსავლების სარეკორდოდ გაზრდილი მაჩვენებელიც და თავად ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც 9.2 % დან 3.4 %-მდე ამის მაჩვენებელია.

როგორც ვხედავთ, როდესაც ეკონომიკური ზრდა არ არის გარანტირებული, ასეთმა სესხებმა შესაძლოა უკუშედეგიც მოიტანოს (როგორც ეს, სავარაუდოდ, ვენესუელას აქვს) თუმცა ეს მაგალითი ნაკლებად გამოდგება ჩვენს შემთხვევაზე. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკა უკვე მესამე წელია მაღალ მაჩვენებელზეა, ხოლო არსებული საგარეო ვალი არც სიდიდით და არც მისი სტრუქტურით, მით უმეტეს ფისკალური რისკების თვალსაზრისით შეშფოთების საფუძველს ნაკლებად იძლევა”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები