პედრო სანჩესი: ვფიქრობ, დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ევროკავშირმა პალესტინის სახელმწიფო აღიარონ
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, მადრიდი ღიაა პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარებისთვის, თუნდაც ეს ევროკავშირის აზრს ეწინააღმდეგებოდეს.
„ვფიქრობ, დადგა დრო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო“, – განუცხადა სანჩესმა მედიას ეგვიპტეში, ღაზის სექტორთან დამაკავშირებელ „რაფაჰის“ გამშვებ პუნქტთან, სადაც ის ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოსთან ერთად მივიდა.
მისი თქმით, იდეალურ შემთხვევაში, აღიარება მოხდება ერთდროულად, სულ მცირე რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით.
„მაგრამ თუ ეს ასე არ იქნება, რა თქმა უნდა, ესპანეთი მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას“, – თქვა ესპანეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა, რომელმაც ადრე პირობა დადო, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მისი მომავალი პრიორიტეტი იქნებოდა.