თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციას ე.წ. სამხრეთ ოსეთში გამოეხმაურნენ

“იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტმა ქართულ მხარეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციისკენ მოუწოდოს, რათა აცილებული იყოს პროვოკაციული ქმედებები, ის აგრძელებს ღიად ანტიოსური პოზიციის დემონსტრირებას”, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ ევროპული სტრუქტურების მუდმივი დეგრადაცია. აღნიშნული პირების მიერ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ფაქტი, რომელიც დაკავშირებული იყო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლების სიცოცხლის საფრთხესთან, უდავოა და დადასტურებულია შესაბამისი ფოტო- და ვიდეოჩანაწერით“, – ნათქვამია ე.წ უწყების განცხადებაში.

23 ნოემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტმა „კატეგორიულად დაგმო“ ინციდენტი და „ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიება“ მოითხოვა. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი „კატეგორიულად გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას“.

ევროპარლამენტის პრესრელიზის თანახმად, პარლამენტი „მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, განახორციელოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები და გაათავისუფლოს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე“.

ევროპარლამენტარებმა ასევე მოუწოდეს ევროპულ საბჭოს „მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს და დაგმოს რუსეთის ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები