“1989 წლის 23 ნოემბერს საქართველოს მიერ ათასობით ადამიანის დაშინების კამპანია ჩავარდა” – ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო უწყება
ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო 1989 წლის 23 ნოემბრის მოვლენებს განცხადებით ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის განსაკუთრებული თარიღი “ჩვენი სამშობლოს თანამედროვე ისტორიაში, რომელიც ხალხის უბადლო სიმამაცისა და ერთიანობის სიმბოლოა”.
ამის შესახებ ე.წ. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“1989 წლის ამ დღეს ქართველმა ნაციონალისტებმა ცხინვალზე მრავალათასიანი მარში მოაწყვეს, რომ დაუმორჩილებელი ოსებისთვის “ჭკუა ესწავლებინათ”. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, დაშინების კამპანია ჩავარდა. პირიქით, ამან გამოიწვია ეროვნული ცნობიერების ამაღლება. ხალხი სასიკვდილო საფრთხის წინაშე გაერთიანდა და შეძლო, დაეცვა თვითგამორკვევის უფლება.
ეს თარიღი გახდა სამხრეთ ოსეთის ხალხის კონსოლიდაციის სიმბოლო ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2010 წლის 23 ნოემბრის სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით, ეს დღე სიმამაცისა და ხალხის ერთიანობის დღედ გამოცხადდა.
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების ხსოვნას, პატივს ვცემთ ცოცხალ პატრიოტებს და სამშობლოს დამცველებს, რომელთა წყალობითაც სამხრეთ ოსეთი წარმატებით ვითარდება, როგორც სუვერენული სახელმწიფო, და თავდაჯერებულად იცავს თავის ეროვნულ ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.