ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმება შესაძლოა, 24 ნოემბრიდან ამოქმედდეს – რა არის პროცესის გაჭიანურების მიზეზი

ისრაელსა და “ჰამასს” შორის 22 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების რეალიზება შესაძლოა, 24 ნოემბრიდან დაიწყოს, თუმცა, ზუსტი ვადები უცნობია.

როგორც გვიან ღამით მედიას ისრაელის პრემიერის აპარატში უთხრეს, მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მუდმივად გრძელდება.

გათავისუფლება შესაძლოა, 24 ნოემბერზე ადრე ვერ დაიწყოს.

რაც შეეხება 4-დღიან ზავს, მოლაპარაკების ამ ნაწილის ამოქმედებაც გადაიდო.

მედია მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე წერს.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, “ჰამასს” ჯერ არ აქვს რატიფიცირებული შეთანხმება; სხვა ვერსიით კი – ბოევიკებს ისრაელისთვის იმ პირთა სია არ წარუდგენიათ, რომლებიც პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ. ეს მექანიზმი კი გარიგების ნაწილია.

გამოცემას ისრაელის მთავრობაში წყარომ უთხრა, რომ “საჭიროა უმნიშვნელო საკითხების დარეგულირება და ეს დღეს მოხდება”.

Times of Israel წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა კატარში მყოფმა “მოსადის” ხელმძღვანელმა – დევიდ ბარნეამ და IDF-ის გენერალმა – ნიცან ალონმა მძევლების სია.

გამოცემის ცნობით, ისრაელი არ გამოაქვეყნებს მძევლების ვინაობას მათ გათავისუფლებამდე, რათა, გარიგების ჩაშლის შემთხვევაში, ოჯახებს ცრუ იმედები არ ჰქონდეთ.

გამოცემის წყარომ ასევე თქვა, რომ ზავის შეთანხმებას მხარეებმა ხელი მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა მოაწერონ.

AFP-ის ცნობით, ისრაელის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღეს თელ-ავივში მედიაცენტრი გაიხსნება „მძევლების დაბრუნების პროცესის გასაშუქებლად“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები