ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საკითხზე დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე, ევროკავშირის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მსგავსი სანქციების სიის შექმნა მოითხოვა, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებისთვის შესაბამისი პირების დასანქცირებას ისახავს მიზნად.
რეზოლუციის ტექსტში ევროპარლამენტარები საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას გმობენ და საქმის საფუძვლიან გამოძიებას, დამნაშავეების დასჯას და საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.