გიორგი ცუცქირიძე: დრო ახლა ჩვენზე მუშაობს, რუსული ორსაუკუნოვანი პროექტი სრულდება საქართველოში

აშშ-ჩინეთის ბოლო სამიტი ვფიქრობ, იყო აშშ-ჩინეთის შეთანხმების გაფორმება არსებული გლობალური მოდელის თავისებურ ტრანსფორმაციაზე, პოლიტიკურად პირობითად ახალ ბი პოლარულ სივრცედ გარდაქმნაზე, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე  სოციალურ ქსელში წერს.

“იგივე, რაც აშშ-სსრკ-ის დროს ოყო, სადაც ახლა სსრკ ფაქტიურად ჩინეთმა ჩაანაცვლა. ესეც პირობითად პოლიტიკურად და მაკლებად ეკონომიკურად. საბჭოთა სოც ბანაკი, აღმოსავლეთ ევროპის, აფრიკის თუ სამხრეთ ამერიკის და აზიის ნაწილის ჩათვლით, იდეოლოგიური პლატფორმა იყო, ეკონომიკის კონტრდასავლური მოდელით, რისი ფუფუნებაც დღეს თუნდაც ე.წ სახელმწიფო კაპიტალიზმის მატარებელ “წითელ ჩინეთს” უბრალოდ არა აქვს.

კიდევ უფრო, რომ დავკონკრეტდე ვიტყვი თუ სსრკ-დასავლეთის დაპირისპირება ორ ავტონომიურ ეკონომიკურ სივრცეში ვითარდებოდა, სადაც თავად ეს სივრცეები ატარებდა თავისებური ავტარკიულობის ნიშნებს, დღეს იმავეს განმეორება ძნელად განსახორციებელია.

დღეს ინტეგრაცია დასავლეთსა და ჩინეთს შორის უკვე დიდი ხანია გასცდა უკან დაბრუნებადობის წერტილს, რადგან სამივე გლობალური ფიგურანტი : აშშ-ევროპა-ჩინეთი ერთმანეთის წამყვანი სავაჭრო პარტნიორები არიან და კოოპერაციის ტენდენცია არა თუ მცირდება, არამედ პირიქით ყოველწლიურად მატულობს, მიუხედავად ცალკეული გაუგებრობებისა თუ სავაჭრო “ომებისა” იქნება ეს მაღალტექნოლიგიურ ნახევარგამტარებზე თუ საექსპორტო კვოტებზე.

მართალია, ბოლო წლებში აშშ და ჩინეთს შორის დაძაბულობა შეინიშნებოდა ტაივანის საკითხის გამო, მაგრამ უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ არც აშშ არის დაინტერესებული ჩინეთთან ახალი კონფრონტაციით და არც ჩინეთს აწყობს დაპირისპირების ახალ ვექტორად ქცევა.

ვფიქრობ, ბრიკსიც სწორედ ამ ვაჭრობის შედეგი იყო, სადაც ყველა სხვა მოთამაშე უბრალოდ ჩააჩოჩეს, რუსეთის და ინდოეთის ჩათვლით!. ვინც მეტ ნაკლებად იცნობს საერთაშორისო ვაჭრობის და საანგარიშსწორებო სისტემებს, დამეთანხმება, რომ დოლარის ალტერნატივა არც დღეს და არც უახლოეს თუნდაც უახლოესი 25 წლის განმავლობაში ძნელად განსახორციელებელია. მსოფლიოს ახსოვს ეკიუ, მაგრამ იგი არ ქცეულა გლობალურ ვალუტად, ოდენ საანგარიშსწორებო ვალუტის ფუნქცია ენიჭებოდა და ისიც შეზღუდული ფორმით.

გლობალურ ფორმატში ჩვენ მოწმე ვხდებით არა დე გლობალიზაციის ტენდენციის გაღრმავებისა, არამედ რე გლობალიზაციის პროცესის გაძლიერებისა, პირობითად “ახალი ვაშინგტონის კონსენსუსით”. ევროკავშირში მიღებული კონსენსუსიც უკვე 2030 წლისათვის გაფართოების ახალ ტალღაზე, სწორედ რე გლობალიზაციის შემადგენელი ნაწილია.

საქართველოს პერსპექტივა და ადგილი ამ გადათამაშებაში მნიშვნელოვნად იზრდება რუსული პოლიტიკური გავლენების აშკარა დაისისას. ჩვენ ვუბრუნდებით ბიზანტიის დაცემით დაკარგულ გლობალურ ჩარჩოს. შემთხვევით კი არ უწოდებდენ იმ დროში საქართველოს “ქვეყნიერების ყურეს”. დასავლეთი შემოდის კავკასიაში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც ამის ნაწილია, ევროკავშირის გაფართოების გადაწყვეტილებასთან ერთად, რაც გასულ წლებში ცალკეული ქვეყნებისათვის გადაულახავ ბარიერედაც კი იყო ქცეული, გაფართოებაზე კონსენსუსის ვერ მიღწევის გამო.

საქართველო კი ხდება სამმხრივი კარიბჭე სწორედ აშშ ს , ევროკავშირს და ჩინეთს შორის გლობალური უსაფრთხოების და სავაჭრო ბრუნვის ერთიან კონტექსტში. ყველა გლობალური სამომავლო პროექტიც ამავე მოცემულობაში იქნება განხორციელებული, იქნება ეს შავ ზღვაზე გამავალი ელექტრო კაბელი თუ ანაკლიის პორტი თავისი ინფრასტრუქტურით.

დრო ახლა ჩვენზე მუშაობს…. რუსული ორსაუკუნოვანი პროექტი სრულდება საქართველოში”, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები