იუსტიციის სახლში სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების მიზნით, მნიშვნელოვანი რეფორმები ხორციელდება
იუსტიციის სახლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ თვითმომსახურების აპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს, – ამის შესახებ დღეს რატი ბრეგაძემ პარლამენტში „ მინისტრის საათის” გამოსვლისას განაცხადა.
„სერვისების გამარტივების მიზნით, ჩვენ უკვე ვიწყებთ ახალ მომსახურებას. სულ მალე იუსტიციის სახლში ნებისმიერ თქვენგანს შესაძლებლობა ექნება, იხილოს თვითმომსახურების აპარატები, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს”.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა, ხოლო მოლოდინის დრო 18 წუთიდან 2 წუთამდე შემცირდა. „ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლი მოემსახურა 5 მილიონზე მეტ მომხმარებელს. ჩვენ მნიშვნელოვანი მუშაობა გავწიეთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირებულიყო მომსახურების დრო და უფრო კომფორტული გამხდარიყო მომხმარებლებისთვის ჩვენთან მობრძანება. ლოდინის საშუალო დრო 18 წუთიდან შემცირდა 2 წუთამდე, რაც არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი. ამაზე მეტყველებს მომხმარებელთა გამოკითხვა, რომელთა 95 პროცენტი დადებითად აფასებს იუსტიციის სახლში მიღებულ მომსახურებას და ასევე, იუსტიციის სახლის სატელეფონო ცენტრი მოემსახურა ჩვენს მილიონზე მეტ მოქალაქეს” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს კმაყოფილების გამოხატვისთვის. „მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს , რომ მათ კმაყოფილება გამოხატეს ამასთან დაკავშირებით”.